კიევის ოლქში საწარმოზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა
რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით იერიშის შედეგად, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი – დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის დროს საწარმოში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დარტყმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა ნაწილობრივ დაინგრა, გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
შემთხვევის ადგილზე მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე საბავშვო კვებისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო იყო და მომხდარს მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში უწოდა.
მისივე თქმით, რუსეთმა ბოლო დღეებში იერიშები მიიტანა ასევე სხვა სამოქალაქო ობიექტებზე სხვადასხვა რეგიონში, რის გამოც უკრაინა პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მხარდაჭერას ითხოვს.