ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.
“გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღო ჟიურის მიერ შერჩეულმა 13-მა საუკეთესო ანსამბლმა. კონცერტის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გრანპრისა და საპრიზო ადგილების მფლობელები.
მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“. ხელმძღვანელი სულხან ფასანიძე. ჯილდო გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ გადასცა.
ოლიმპიადის ფარგლებში უმაღლესი ჯილდოს – გრანპრის მფლობელები გახდნენ:
▪️ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლა და მისი ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე. ჯილდო გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.
▪️ ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქარი“ და მისი ხელმძღვანელი ლაშა გოგიტიძე. გრანპრი გამარჯვებულებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძე გადასცა.
▪️ ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცერული“ და მისი ხელმძღვანელი ნათია შალიკაშვილი. უმაღლესი ჯილდო გამარჯვებულებს აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძე გადასცა.
▪️ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებელთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, რომლის ხელმძღვანელია გურამ მალაყმაძე. ჯილდო საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ გადასცა
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მთავარი მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში ეროვნული კულტურისადმი ინტერესის გაღრმავება, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდა 30-მდე ანსამბლი და 800-ზე მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი. პირველი და მეორე შესარჩევი ტურები 18-23 მაისს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმში გაიმართა.
გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და მუსიკალური ინსტრუმენტები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.