დაიბადა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, სკოლაც აქვე დაასრულა. 1966 წელს ჯერ თბილისის მაშინდელი პუშკინის ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა, შემდეგ – ამავე ინსტიტუტის პედაგოგიკა – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
მუშაობდა ჯერ 18 წლის სოფლის ბიბლიოთეკაში, შემდეგ – საბავშვო ბაღში, ბოლოს კი სკოლაში გადაინაცვლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
„2000 წელს ისე შეტრიალდა ცხოვრება, მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში გავემგზავრეთ სამუშაოდ, რასთანაც ბევრი ტკბილ–მწარე მოგონება მაკავშირებს“.
ათენში დაიწყო ლექსების წერა, ორი პოეტური კრებულიც გამოსცა: „სანთელს ავანთებ, ტაძრებს შემოვივლი“ და „სულის სიმღერა“.
ამბობს, რომ ლექსების წერა ნოსტალგიამ დააწყებინა, ნოსტალგიამ შეაგრძნობინა სამშობლოს, ახლობლების უსაზღვრო სიყვარულიც.
„სიყვარულია ჩემი ჰობი, აკი, დავწერე კიდეც, სიყვარულისთვის დავიბადე, სიყვარულისთვის ვმღერი“. – ნანული ციხისთავის პერსონა.
– თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, ერთ თბილ, მოსიყვარულე ოჯახში დაიბადეთ…
– მამა – დავით ციხისთავი იყო საოცრად თბილი, კულტურული და ოჯახზე მზრუნველი. მისი ხმამაღალი სიტყვა არ მსმენია, მუშაობდა კოლმეურნეობაში ბუღალტრად, მღეროდა არაჩვეულებრივად. დედაც მზრუნველი დიასახლისი და არაჩვეულებრივი მზარეული იყო. სკოლიდან მოსულები გემრიელად შევექცეოდით მის გემრიელობებს. ჩემი და და ძმა – დალი და გუგული ციხისთავებიც ტკბილები და თბილები მყავდნენ. ოჯახში ყველა ვმღეროდით და ასე სიმღერა-ცეკვებით დაგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ყველამ მივიღეთ განათლება და, რაც მთავარია, სიყვარულის ოჯახი ვიყავით.
– ინსტიტუტში სწავლის დროს შექმენით ოჯახი…
– ოჯახი ხელს მიწყობდა სწავლაში. მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია. მხოლოდ ის ვიცი, რომ სადაც ვიყავი, ყოველთვის მიყვარდა ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი, აღსაზრდელები და ჩემი საყვარელი მოსწავლეები. უცხოეთში წასულს, როცა ნოსტალგია მომეძალა, ოჯახის შემდეგ ჩემი მოსწავლეები და ჩემი მასწავლებლები მომენატრა, რაც აისახა მათდამი მიძღვნილ ლექსებში.
უცხოეთში ვიგრძენი ის დიდი სიყვარული, თურმე როგორ მყვარებიან, მათი მონატრებით ბევრი მიტირია, ჩემი ქართულის კაბინეტი მენატრებოდა, საყვარელი ბავშვებით სავსე, თუნდაც „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ახსნისას, მათი ცრემლმორეული თვალები მენატრებოდა. ჩემს ფიქრებში სულ ვბუბუნებდი ნესტანის გახსენებისას: ,,ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული“ და რამდენი რამ… აგერ მოელავს ავთანდილის ამხედრებული რაში მეგობრის დასახმარებლად, ასე ფიქრებსა და ოცნებებში ჩაძირული ვიძინებდი ყოველი ღამით….
– ნოსტალგიამ ლექსები დაგაწერინათ. სოფლის მატიანე შექმენით. როგორი მოჩანდა შორიდან საქართველო?
– ათენში წავედით მე და ჩემი მეუღლე – მერაბი. ორივეს ნოსტალგია მოგვეძალა. ბევრი მეგობარი შევიძინე, მათ შორის – ანა ყურშავიშვილი. მისი გაცნობის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. უცხოეთში გვაიძულებდა გაზეთ „ელადასთვის“ სტატიები, ლექსები დაგვეწერა და მიგვეტანა. მეც დავიწყე ლექსების წერა.
.უსაზღვრო ნოსტალგიამ მაწერინა ლექსები. დიახ, ნოსტალგიამ და უცხოობაში ყოფნამ, უამრავმა სევდამ მასწავლა სიყვარული სამშობლოსი, ჩემი სოფლის, საახლობლოს და მთელი ხალხის. უფრო მეტად შემიყვარდა ყველაფერი, ვწერდი და ამ სიყვარულს გამოვხატავდი ლექსებით.
ჩემს მეგობარ – მასწავლებლებს დიდი სიყვარულით ლექსები მივუძღვენი, არც სხვა მეგობრები დამვიწყებია – მეზობლები, ჩემი აღმზრდელი პედაგოგებიც გავიხსენე, ჩემს კავკასიის მთების დაბლა გაშენებულ ჩემს ლამაზ სოფელსაც მივეალერსე, და ჩემი სოფლის მატიანეც გავაკეთე. უცხო ქვეყანაში შევიგრძენი ჩემი სამშობლოს სიყვარულიც, ჩემი მშობლიური მიწის ყივილიც. იქიდან ვეალერსებოდი დედას, მამის საფლავს, ჩემს და-ძმას, შვილებს, შვილიშვილებს.
მერე მომივიდა აზრი, რომ ჩემი სოფლის ისტორიაზე, წარსულსა და აწმყოზე დამეწერა მოგონებები. ეკლესია-მონასტრების შესახებ, ისტორიულად, დასაბუთებით მიმეწოდებინა ჩემი სოფლის მოსახლეობისთვის. სადაც ლოცულობდნენ, იმ ეკლესიის წარმომავლობა გავაცანი.
ყოველ წელს ორი თვით ჩამოვდიოდი საქართველოში და ვეფერებოდი ყველას და ყველაფერს. დავდიოდი თელავის არქივში და ჩემი სოფლის ისტორიის შესახებ ვიკვლევდი მასალებს. დავდიოდი უბან-უბან, მოხუცებულებთან და ვიწერდი ძველ ამბებს, სამამულო ომიდან დაბრუნებული ადამიანებიც არ დამვიწყებია. ამ თემასაც – ფშავლები დიდ სამამულო ომში საკმაოდ დავუთმე ადგილი, და ძალიან დიდი გამომივიდა, ისე, რომ თაობათა ცვლის შემდეგაც ყველა ჩემს თანასოფლელს ეცოდინება თავისი სოფლის მატიანე.
– 2004 წლის 13 მაისს ათენში პატრიარქი, ილია მეორე ჩამობრძანდა, იმ შეხვედრას დაესწარით და ლექსი წაიკითხეთ…
– ერთ დღეს საყვარელი ანა მირეკავს, ჩართე ტელევიზორი, ჩვენი პატრიარქი ჩამოდის და აეროპორტში საბერძნეთის პატრიარქი ხვდება. ხვალისთვის ერთი ლექსი დაწერე და წაიკითხე, დიდი ბრიტანეთის სასტუმროში იქნება შეხვედრაო . ამ სასტუმროს დარბაზში თურმე 1000 კაცი ეტეოდა . დავდე ყურმილი, ჩავრთე ტელევიზორი და დავინახე, როგორ ჩამობრძანდა ჩვენი პატრიარქი, ვნახე საბერძნეთის პატრიარქის, ხრისტოდულოს და ჩვენი პატრიარქის თბილი შეხვედრა, მე ინსტინქტურად მუხლებზე დავეცი და ბღავილი აღმომხდა, ცხარე ცრემლებით ვტიროდი, ისე განვიცადე, მაშინვე დავიწყე ლექსის წერა.
2004 წლის 13 მაისს უწმინდესის ჩამობრძანებას მივუძღვენი ლექსი და იმ დიდ დარბაზში, სადაც 1000 ქართველი იჯდა და ფეხზეც უამრავი ქართველი იდგა, წავუკითხე ჩემს პატრიარქს.
თქვენს აქ ჩამოსვლას მზეც ჩამოჰყვა, ასე მეგონა,
თქვენ საქართველოს ცაც და მიწაც აქ მოიტანეთ…
მუხლზე დავემხე და ხმამაღლა ასე შევბღავლე,
დიდო ილია, წმინდა ილია, გვიშველეთ რამე!
რა დაგაბარათ, საქართველომ რა დაგაბარათ,
არ მოვენატრეთ? არ მოვიდა ნუთუ საშველი?
მუხლზე აქ არა, იქ დავემხოთ, ჩვენს თბილ მიწაზე,
დაჩოქილებმა ღმერთს ავუნთოთ წმინდა სანთელი…
ო, რომ იცოდეთ, დიდო ილია, წმინდა ილია,
რამდენი ცრემლი დაგვიგროვდა ქართველებს თასში,
აღარ ეტევა, მეშინია, არ დაიღვაროს,
ასე ლიცლიცით ჩაიბაროს უფალმა ცაში…
აქ ლამაზია, ყველაფერი, თვალს უხარია,
გულს კი, ჩვენს გულებს ყველაფერი იქ უხარია,
სად დავიბადეთ და ვისწავლეთ ენა ქართული,
ენა პირველიც, საბოლოოც, ასე აღთქმული…
და გადაეცით, დაგვაბრუნონ ქართულ მიწაზე,
რადგან ქართველი ვერა ხარობს უცხო მიწაზე,
სანამ ჯერ კიდევ საშველია და არ გავმქრალვართ,
თორემ თანდათან ვიფერფლებით სულ სხვა მიწაზე,
უცხოეთიდან ქარს და მზის სხივს ვატან სიკეთეს,
ოცნების ფრთებით შემოვივლი მთელ არე – მარეს,
ახლა თქვენ გატანთ დანაბარებს, დიდო ილია,
ვეამბორებით საქართველოს მზესა და მთვარეს.
დავასრულე ლექსი და დარბაზი დაინგრა, დიდი ტაში და ოვაცია რომ გაისმა, ვეღარაფერს ვხედავდი, გავიხედე პატრიარქისკენ ხალხის მითითებით, თურმე პატრიარქი ფეხზე ამდგარა და ხელგაშლილი მელოდება, მუხლები მომეკვეთა, ცოცხალ-მკვდარი გავემართე პატრიარქისკენ, ტაში არ წყდებოდა, მივედი, ჩამიხუტა, დამლოცა, თავისი დაწერილი სამების ხატიც მაჩუქა, ხალხი ხელებით მიმაცილებდა ჩემი ადგილისაკენ… ესეც ერთი უბედნიერესი დღე – ანას დამსახურებით.
– ორი წიგნი გამოეცით… ათენში საკვირაო საღამოებსაც ატარებდით…
– უცხოეთში ჩემს ყოფნას და ლექსების წერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნოსტალგიის შემსუბუქებაში. მქონდა მისია, რომ უნდა მეწერა და მეწერა ლექსები. ანა არავის გვასვენებდა და ამით ვხარობდი. პირველს ჩემს მეუღლეს წავუკითხავდი ხოლმე ლექსს. მახსოვს, როგორ ჩაიღიმილებდა ჩუმი სიხარულისგან, ხან ტაშსაც დამიკრავდა და ასე მამხნევებდა, მახარებდა…
ამასობაში, ანა ყურშავიშვილის რედაქტორობით, ორი წიგნი გამოვეცი: „სანთელს ავანთებ, ტაძრებს შემოვივლი“ და „სულის სიმღერა“.
ნოსტალგიას გვიმსუბუქებდა პანტელეიმონის ეკლესიაში სიარული. კვირაობით ქართველი მოძღვარი, მამა თეიმურაზი ატარებდა წირვა-პანაშვიდებს, ვაბარებდით აღსარებებს და ვეზიარებოდით. ეს კვირა სიხარულის დღე იყო. თან ჩვენს ნაცნობ-მეგობრებს ვხვდებოდით და ვხარობდით. ხან ანა მართავდა კვირაობით ლამაზ ღონისძიებებს. ვკითხულობდით ლექსებს. მღეროდნენ და ცეკვავდნენ ჩვენი ქართველი ბავშვები და უფროსებიც.
ასე, სიხარულის მოლოდინებით, კვირიდან კვირამდე, 13 წელიც გავიდა. ვიგრძენით, რომ წასვლის დროც მოვიდა და მე და ჩემი მეუღლე დავბრუნდით მონატრებულ საქართველოში. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. რაც მოგვცა.
– რა არის ბედნიერება?
– ბედნიერება სიცოცხლეა, რომელიც უფალმა გვიბოძა და გვითხრა, რომ 10 მცნებით იცხოვრეთო, თუმცა ამას ბევრი ვერ ვახერხებთ და მთელი ცხოვრება გვაცრემლიანებს, თუმცა უშეცდომოდ იშვიათი ცხოვრობს. ბედნიერება სამშობლოს, შენი ოჯახის სიყვარულია., ბედნიერი ხარ, როცა კარგი შვილები გყავს და არ გაცრემლიანებენ, პირიქით, სიბერის წლებში ისევ რომ სრულფასოვან ადამიანად მიგიჩნევენ და მოხუცურ შეცდომებს ვითომც ვერ დაინახავენ, გაგამხნევებენ. აი, ეს არის ბედნიერება, შვილიშვილები და მერე პატარა შვილთაშვილებია უდიდესი ბედნიერება, გვერდით სანათესავო და სამეგობრო, სამეზობლოა, ბედნიერება. და ბოლოს, სიყვარულია ის დიდი ძალა, რაც ამ ყველასა და ყველაფერთან გაკავშირებს, გაბედნიერებს.
– დიდი ოჯახი გაქვთ…
– მყავდა კარგი ადამიანი, მეუღლე, ჩემი სიყვარული – მერაბი. პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი, უცხოეთშიც ერთად ვიყავით, ერთად გადავიტანეთ ის ტკბილ-მწარე თავგადასავლები. მერვე წელია, გარდამეცვალა და შემცვალა კიდეც ამ წუთისოფელმა, გამანადგურა, თუმცა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა გამამხნევეს და მახარებენ.
შვილები – ირმა და ნუკრი ციხისთავები არიან. ნუკრი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ცხოვრობს, და ირმა ექიმია და ამერიკაშია. ნუკრისგან ორი შვილიშვილი მყავს – მარიამი იტალიაში ცხოვრობს, არ არის დაოჯახებული. უნივერსიტეტი დაამთავრა.
თათია კი თბილისში ცხოვრობს და ჰყავს 4 შვილი. ისინი ჩემი 4 შვილთაშვილი, ჩემი სიხარულები არიან.
– ჰობი…
– რითაც შემიძლია, დავეხმარო ყველას. ვფიქრობ, ყველასა და ყველაფერზე – ვის რა უჭირს და ვის რა ულხინს, არ ვიცი, ეს ჰობად, მგონი, არც ითვლება, ეს ყველას ვალია… სიყვარულია ჩემი ჰობი, აკი, დავწერე კიდეც, სიყვარულისთვის დავიბადე, სიყვარულისთვის ვმღერი-მეთქი… თუნდაც, ლექსის დაწერას ფიქრიც კი არ ნდომებია, ლექსის დაწერას სიყვარული ნდომებია…
ამჟამად გადართული ვარ შვილთაშვილების გაზრდა-აღზრდის საქმეში. კარგი მშობლები ჰყავთ, მაგრამ მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო და დავახსომდე მოსაგონებლად.
თავიდან ერთ წიგნს ასე ვიწყებ:
„ყველა ლექსში თუ რა ტაბუ ჩავდე,
ეს მე ვიცი, სხვამ არავინ არა,
დაუკვირდით თითოეულ სტრიქონს,
რა დიდია სიყვარულის ძალა…
რაც რომ ჩემს გულს ტყვიასავით ჩაეჭედა,
ყველას ერთად მოვუყარე თავი,
გადმოვღვარე სიყვარულის კიდობნიდან,
მოვასხურე უკვდავების წყალი“…
– ამ გადასახედიდან რას ეტყოდით იმ ქალბატონებს, რომლებიც უცხოეთში არიან?
– ვიტყოდი, რომ დღეს არ არის ისეთი გაჭირვება, რომ არ დაბრუნდნენ სამშობლოში ემიგრანტები, რადგან თუ მივყვებით რაც მეტი აქვს ადამიანს, უფრო მეტი უნდა:
„თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს? და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“!..
წუთისოფელი მოკლე ყოფილა, ამიტომ დაბრუნდით ყველა ემიგრანტი სამშობლოში და ჩაეხუტეთ, და ჩაეფერეთ თქვენს საახლობლოს, მოასწარით, თორემ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი, მით უმეტეს, პატარა ბავშვები, ვისაც დატოვებილი გყავთ საქართველოში, რადგან შვილებს დედა სჭირდებათ მოსაფერებლად, სასიყვარულოდ , ჩასახუტებლად: ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონიათ, მოეფერეთ, მოეფერეთ ერთმანეთსო, – ხომ გაგვიგიათ.
თამარ შაიშმელაშვილი