გიორგი თავდგირიძე: 16 მარტიდან კრემლს უწევს იმის მტკიცება, რომ რუსეთი იმართება…
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ ანალიტიკურ სტატუსს აქვეყნებს, სახელწოდებით: “რატომ იქნა საბრძოლო მზადყოფანაში მოყვანილი”.
ექსპერტის აზრით, ჩრდილოეთ ფლოტის სიძლიერის დემონსტრირების მთავარი მიზანი საზოგადოების იმაში დარწმუნება იყო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლი კვლავაც რუსეთის პრეზიდენტის ხელშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძანების გაცემაც მხოლოდ მისი ექსკლუზიური უფლებაა.
“ჩრდილოეთის ფლოტი? ზოგადად, ასეთ ღონისძიებას სამხედრო სტრატეგიული ან პოლიტიკური მიზნები აქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, დაერწმუნებინა რუსეთის მართვის ვერტიკალი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ინარჩუნებს შეიარაღებულ ძალებზე კონტროლს და მართვის სადავეები კვლავ მის ხელშია. შეგახსენებთ, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ექსკლუზიური უფლებაა და ბრძანების გაცემა და შესრულება ნიშნავს, რომ პრეზიდენტი – შეიარაღებული ძალების კომუნიკაცია მყარია. მიუხედავად იმისა, რა ხდება კრემლის კულუარებში, კრემლი მტკიცედ ინარჩუნებს მმართვის სადავეებს. სხვა საქმეა, რაში დასჭირდა კრემლს (ან პუტინს) ამის დემონსტრირება? რამდენიმე ვარიანტია, მართვის ვერტიკალის კრემლს გარე რგოლმა მცირე ხნით დაკარგა კავშირი პრეზიდენტთან და ითხოვდა ამ კავშირის არსებობის შემოწმებას, ან პუტინის გარემოცვა დროებით ჩამოშორებულია (გარკვეული პერეტრუბაციების გამო) მართვას და პრეზიდენტმა მთლიანად თავის თავზე აიღო ხელმძღვანელობა (გარკვეული დროით), ან რაც ყველაზე სახიფათოა, პუტინი ახალი აგრესიული სტრატეგიული გეგმის რეალიზებას იწყებს (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარემოცვაში ფუნქციებიც ახლიდან გადანაწილდებოდა და გაიტესტებოდა). თუმცა ბოლო ვარიანტის დამადასტურებელი ინდიკატორები თითქმის არ არსებობს, რაკი ამ შემთხვევაში გაცილებით აქტიური და აგრესიული საინფორმაციო უზრუნველყოფა იქნებოდა. კრემლის საინფორმაციო ქმედებები კი რაღაც პასიური თავდაცვის რეჟიმშია და ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ პუტინის ქმედუნარიანობის დამტკიცებასა და საეჭვო გაუჩინარებით შექმნილი კრიზისის დაძლევას ცდილობს.
პროცესები არ იძლევა ცალსახა დასკვნების გაკეთების საშუალებას, მაგრამ ერთი ნათელია, 5 მარტამდე რუსეთი მტკიცე ხელით იმართებოდა, 16 მარტიდან კი კრემლს უწევს იმის მტკიცება, რომ რუსეთი იმართება”,- წერს თავდგირიძე.