„მინდა, ადამიანებში თეატრების სიყვარულმა გაიღვიძოს ისე, როგორც ეს მრავალი წლის წინ იყო…“

„თეატრის სცენით ურეკში მოვიწამლე. მაშინ 10 წლის ვიყავი და ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე სპექტაკლი გაიტანეს, რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი. ედუარდ შევარდნაძე იყო ჩამოსული და, როგორც საუკეთესო მსახიობს, ჯილდო გადმომცა. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც მუდმივად თვალს ვადევნებდი კულტურულ ღონისძიებებს და აქტიურად დავდიოდი თეატრში. ვკითხულობდი პიესებს, ბავშვის ბრმა, შებოჭილი ხელით და თვალით ვეძებდი ყველაფერს, რაც თეატრს ეხებოდა. ვცდილობდი, საკუთარი თავი თვითონ განმევითარებინა.“ – რეჟისორი და თეატრთმცოდნე ნინო თურმანიძე.

– თუმცა, როგორც ვიცი, ბაბუებმაც გარკვეული როლი შეასრულეს თეატრის სიყვარულში…
– ჩემი დიდი ბაბუა ლადო თურმანიძე დიმიტრი ყიფიანის მეგობარი იყო და ერთად ზრუნავდნენ ხაშურის თეატრის განვითარებაზე. შემდეგ უკვე ბაბუაჩემი, ირაკლი თურმანიძე ხაშურის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორი და ხაშურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მას კოტე მარჯანიშვილისგანაც ჰქონდა მიწვევა, მაგრამ არ დატოვა ხაშურის თეატრი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მეამაყებოდა, სულ უფრო და უფრო მიღვიძებდა თეატრის სიყვარულს და მხოლოდ თეატრზე ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაინც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. გამოცდაზე ყველას ვიღაც ახლდა თან, მე კი სულ მარტო ვიყავი. სამსახიობო ფაკულტეტზე ვერ ჩავაბარე და სარეჟისორო ფაკულტეტზე გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი. აგრეთვე, პარალელურად დავამთავრე დეა ცქიტიშვილის ჯგუფი თეატრთმცოდნეობის მიმართულებით.11015898_825618337487220_1061375779_n
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხაშურში დაბრუნდი…
– დიახ, დავბრუნდი, სადაც საერთოდ არ არსებობდა კულტურული ცხოვრება, რომელთან შეგუებაც ძალიან მიჭირდა. სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან ინტერესიც არ იყო, ძალიან ინერტულები იყვნენ. ამ ფაქტთან ბრძოლა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავიწყე. დიპლომიც ხაშურის თეატრზე დავიცავი.
დავდიოდი სკოლებში და ვუხსნიდი, რომ დრამატული წრის გახსნა მინდოდა. რამდენიმე სკოლაში ვერც მიხვდნენ, რაზე ველაპარაკებოდი. ენთუზიაზმით ვცდილობდი თეატრალური ცხოვრების გაღვიძებას. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ფინანსები არ არის, ხელისშემწყობიც არავინ არის.
– თუმცა ქალაქ ხაშურში არის დრამატული თეატრი…
– ხაშურში დაბრუნების შემდეგ, ოთხი თვე ქალაქის გამგეობაში, კულტურის განყოფილებაში ვმუშაობდი. მაშინ ვნახე, რომ ქალაქს აქვს დრამატული თეატრი, თუმცა არ არსებობს აფიშა და წელიწადში ერთი სპექტაკლი ძლივს კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ თეატრს ძალიან კარგი და ნიჭიერი რეჟისორი ჰყავს, ასევე ენთუზიაზმით მუშაობს. სამწუხაროდ, არ არიან პრფესიონალი მსახიობები. არის ერთი ან ორი, დანარჩენები მოყვარული მსახიობები არიან. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იბრძვის თეატრის გადასარჩენად, რაც ძალიან ცოტაა.
პირველი შენობა, რომელიც თეატრს ჰქონდა, დაიწვა. არის კულტურის სახლი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ჩამოდის წყალი, არ არის გათბობა, არანაირი სანიტარული ნორმა არ არის დაცული, უკიდურეს მდგომარეობაშია. კულტურის სახლის დირექტორი ყველანაირად იბრძვის, რომ საბოლოოდ არ მოკვდეს და განადგურდეს, საკუთარი სახლიდან მოაქვს ყველაფერი.
სამწუხაროდ, ხაშური საკმაოდ ღარიბი რაიონია. თეატრისთვის დრო არავის რჩებოდა, საზოგადოება აბსოლუტურად გადაჩვეული იყო კულტურულ ცხოვრებას, რასაც არანორმალური შრომა სჭირდება, რომ ხალხი დააინტერესო და კულტურული ცოხვრებისკენ მოახედო. საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია, რომელსაც თეატრი და კულტურული ცხოვრება აინტერესებს. ახლა, თითქოს ცოტა გამოცოცხლდა ქალაქი, მაგრამ, საკმაოდ დიდი რაიონია იმისთვის, რომ ასეთი მცირე რესურსი აქვს.
– გამგეობიდან რატომ წამოხვედი?11056656_825618344153886_1284830863_n
– უბრალოდ, დავინახე, რომ აზრი არ ჰქონდა. მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და სანამ ფატალურ შედეგამდე მივიდოდი, წამოვედი. მე არავის პიარკამპანიისთვის არ მინდოდა და არც მინდა მუშაობა.
– ახლა ხაშურის მერვე საავტორო სკოლაში მუშაობ…
– მე ეს სკოლა დავამთავრე და თავად დირექტორმა მთხოვა „ღია კარის“ დღისთვის დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის სპექტაკლი გამეკეთებინა. 2011 წლიდან კი აქტიურად დავიწყე სკოლაში მუშაობა. მე თავად ვწერ პიესებს, რომლებსაც ბავშვებს ვარგებ. დრამატული წრე აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს, რასაც თუნდაც თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობები სწავლობენ: თემების წერა, წიგნების კითხვა, ვარჩევთ პიესებს, ვუყურებთ ერთად და ვარჩევთ ფილმებს, გვაქვს მეტყველების გაკვეთილები. ვცდილობ, ყველაფერი რაც მე ვისწავლე, ბავშვებს გადავცე.
ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს თეატრის სიყვარული გავუღვიძო. მივცე სულიერი საზრდო და არ იყვნენ გამოფიტულები. მეც შვილი მეზრდება, ამ ქალაქში უნდა ვიცხორვო და მინდა ჩემს შვილს ნორმალური ქალაქი ჰქონდეს, სადაც იქნება თეატრი, რომელიც ადამიანის სულის ნაწილია.
უნდა ვთქვა, რომ რასაც ვაკეთებ, ძალიან ცოტაა ქალაქისთვის. მართალია, სხვა კულტურული ღონისძიებებიც კეთდება, მაგრამ არ ხდება მათი პროპაგანდა, რომ ხალხმა გაიგოს და დაინტერესდნენ.
– სპექტაკლები…11063015_825618334153887_782010563_n
– დავდგით სპექტაკლებიზ; „შობის ანგელოზი“, „წვიმა“, ჭადრაკის დაფა“, „ოცნების ტელევიზორი“, ახლა ვმუშაობთ სპექტაკლზე „სახლში“, რომელიც დამახინჯებულ ქართულ ტრადიციებს ეხება. სპექტაკლებს სკოლის სცენაზე ვდგამთ, მაგრამ თუ ბოლო სპექტაკლი ბავშვებმა დაძლიეს, თბილისში გვინდა ჩამოვიტანოთ.
ყველაფერს, მე და ჩემი ბავშვები ვაკეთებთ. ვხატავთ, ვკერავთ კოსტიუმებს საკუთარი ხელით და სახსრებით. ასისტენტიც არ მყავს, თუმცა ვერც ვენდობი, რადგან ყველა სპექტაკლში მთელს ჩემს სულს და ენერგიას ვდებ.
პიესებს ჰუმანურ თემებზე ვწერ, რომ ბავშვებმა იგრძნონ, გაითავისონ და ესმოდეთ სხვების გაჭირვება. ჩემთან ძალიან ბევრი ისეთი ბავშვი მოვიდა, ლაპარაკიც კი არ შეეძლოთ, არც სურვილი ჰქონდათ, მაგრამ დღეს წამყვანი მსახიობები არიან და ნებისმიერ პროფესიონალ მსახიობს შემიძლია გვერდით დავუყენო.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღოს. მინდა ადამიანებში თეატრების სიყვარულმა გაიღვიძოს, ისე, როგორც ეს მრავალი წლის წინ იყო. უკვე ნელ-ნელა სხვა სკოლებიც დაინტერესდნენ.

მზევინარ ხუციშვილი

11063237_825618350820552_952932341_n

11067864_825618347487219_984997546_o

11072320_825618364153884_601230285_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები