აფხაზებს და ოსებს შეუძლიათ საქართველოში თითქმის უფასოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა გადაწყვეტილება, გააგრძელონ საქართველოსთან ურთიერთობა, ნიშნავს იმას, რომ ისინი არჩევანს საქართველოში არსებული ჯანდაცვის უმაღლესი ხარისხის სასარგებლოდ აკეთებენ, ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის როსტოვისა და კრასნოდარის რეგიონებში მათთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულისა – წერს „ჯეიმსთაუნის ფონდის“ გამოცემა სტატიაში: „რატომ ჩამოდიან ოსები და აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში?“
„ჯეიმსთაუნის ფონდი“ საქართველოს ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მიდგომებს შორის განსხვავებაზეც ამახვილებს ყურადღებას აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს, აფხაზ და ოს პაციენტებს საქართველოში მკურნალობისათვის ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიეღოთ, მინიმუმ საქართველოს პირადობის ნომერი და სოციალური დაზღვევის ბარათი უნდა ჰქონოდათ, ახალმა მთავრობამ კი გადაწყვიტა, მოეხდინა სამედიცინო დახმარების მეტი ლიბერალიზაცია და ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ საქართველოს დოკუმენტების ქონა. საკმარისია მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მათი ცხოვრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აპირებენ ხელი მოაწერონ ,,ალიანსისა და ინტეგრაციის” ხელშეკრულებას, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გააკრიტიკა საქართველოს სეპარატისტული ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვლავ საქართველოში ჩადის სამკურნალოდ, მას შემდეგაც კი, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ეს რეგიონი როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად ცნო. მთავრობის სხდომაზე თიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,უმეტეს შემთხვევებში პაციენტებს მეზობელ ქვეყანაში [საქართველოში] წასვლა აღარ სჭირდებათ”. გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა თიბილოვმა აღნიშნა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აპირებს „განავითაროს საკუთარი სამედიცინო ცენტრები და მოიზიდოს სპეციალისტები“. ,,ჩვენ უკვე აქტიურად ვმოქმედებთ, ვიწყებთ თანამედროვე სამედიცინო ცენტრის მშენებლობას, შესაბამისი აღჭურვილობით,“-თქვა მან.
სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებლებს მაინც ურჩევნიათ თბილისში მიიღონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გაიკეთონ რთული ოპერაცია. ამის გამო პაციენტები სამხრეთ ოსეთიდან ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში მიემგზავრებიან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ნაწილია. შემდეგ ისინი რუსეთ–საქართველოს ოფიციალური საზღვრის – ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან რუსული პასპორტებით შედიან საქართველოში, რადგან არ სჭირდებათ ქართული ვიზა. სასაზღვრო შემოწმების გავლის შემდეგ, ისინი საქართველოში ჩადიან სამედიცინო დახმარების მისაღებად ან ოპერაციის გასაკეთებლად.
ჩვენმა წყარომ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროდან „ჯეიმსტოუნს“ აცნობა, რომ გასული ექვსი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულმა ოსი ეროვნების წამომადგენელმა მიიღო სამედიცინო დახმარება საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
პატარა სეპარატისტული რეგიონისთვის, რომლის მთელი მოსახლეობა 20-30 ათას ადამიანს არ აღემატება, არაოფიციალური წყაროების თანახმად, ეს დიდი ციფრია. ოსმა პაციენტებმა უნდა გადალახონ ამდენი ბარიერი და მოითმინონ კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან მათსა და “მტერ სახელმწიფოს” შორის არსებული თანამშრომლობის გამო.
რა უბიძგებს ოსებს, გაემგზავრონ საქართველოში, მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა? პირველ რიგში, ის, რომ სამხრეთ ოსეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი დამოუკიდებლობა ცნო, თანამედროვე კლინიკა არ აშენებულა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ რეგიონის განვითარებისათვის. და მხოლოდ ახლა იძლევა პრეზიდენტი თიბილოვი ასეთი კლინიკის აშენების დაპირებას.
მეორე ის, რომ ოსებს აქვთ შესაძლებლობა შეადარონ საქართველოში არსებული მკურნალობის დონე ჩრდილოეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის სხვა მიმდებარე რეგიონებში მკურნალობის დონეს. ამდენად, მათი გადაწყვეტილება, გააგრძელონ საქართველოსთან ურთიერთობა, ნიშნავს იმას, რომ ისინი არჩევანს საქართველოში არსებული ჯანდაცვის უმაღლესი ხარისხის სასარგებლოდ აკეთებენ, ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის როსტოვისა და კრასნოდარის რეგიონებში მათთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულისა.
და მესამე, – ოსებს შეუძლიათ საქართველოში თითქმის უფასოდ ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით იმ სპეციალური პროგრამის წყალობით, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. საქართველოში არ არის სახელმწიფო საავადმყოფოები, მაგრამ მთავრობა უხდის კერძო კლინიკებს იმ მომსახურების საფასურს, რომელსაც ისინი უწევენ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.
სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ, რომლებსაც საქართველო იურიდიულად თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ასეთი პოლიტიკის (,,კეთილი ნება”) ერთ-ერთი მთავარი მომხრე და ინიციატორი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხში პაატა ზაქარეიშვილი. „ჯეიმსტაუნისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ლეონიდ თიბილოვის განცხადებები ვერ შეცვლის საქართველოს ხელმძღვანელობის მიდგომას ამ პრობლემისადმი და არც ოსების დამოკიდებულებაში შეიცვლება რამე ქართულ საავადმყოფოებში მკურნალობასთან დაკავშირებით. ,,ჩვენ უწინდებურად ვაგრძელებთ მუშაობას. მთავარი ის არის, რომ ცხინვალის [სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი] მცხოვრებლები ისევ ენდობოდნენ ჩვენს პროგრამას და მიიღონ სრული სამედიცინო დახმარება ჩვენს კლინიკებში. არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებდეს, რომ ეს პროცესი შეწყდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოსებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამა ,,ხორციელდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია ამ თანხების განაწილებაზე.”
სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოსები თბილისში ჩამოვლენ სამკურნალოდ, რადგანაც საქართველოს აქვს ,,მაღალი ხარისხის და არაკორუმპირებული ჯანდაცვის სისტემა”. მისივე თქმით, ,,იმისათვის, რომ ცხინვალის მოქალაქეებმა მიიღონ ასეთივე დონის სამედიცინო დახმარება, ისინი მოსკოვში ან პეტერბურგში უნდა გაემგზავრონ, რაც ძალიან შორსაა, თბილისი კი მხოლოდ 40 წუთის სავალზეა ცხინვალიდან “.
თუმცა, სახელმწიფო მინისტრმა სინანულით აღნიშნა ის, რომ ცხინვალის ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას ამ ტერიტორიის მცხოვრებლებს პირდაპირ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასე რომ ,,ისინი ჯერ ვლადიკავკაზში უნდა მოხვდნენ და მერე თბილისში. ამიტომ მათ ორჯერ უწევთ კავკასიის მთავარი ქედის გადალახვა, ამას კი ისინი ზამთარშიც აკეთებენ იმისთვის, რომ თბილისში მოხვდნენ“.
აფხაზეთის მცხოვრებლები ასევე მკურნალობენ საქართველოში. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის” პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გვაზავამ, ანუ საქართველოში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელმა „ჯეიმსტოუნს“ 2014 წლის 15 ნოემბერს განუცხადა, რომ აფხაზეთის რიგითი მოქალაქეების უმრავლესობას არა აქვს სიძულვილი საქართველოსადმი. სასწრაფო დახმარების მანქანებს დასავლეთ საქართველოდან ხშირად მოჰყავთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები აფხაზეთიდან ქუთაისის, ზუგდიდისა და თბილისის კლინიკებში გადაუდებელი მკურნალობისათვის. აფხაზეთის ხელისუფლებას ასევე არ მოსწონს ეს ფაქტი, მაგრამ ისინი არჩევენ არ შეუქმნან დაბრკოლება მათ მცხოვრებლებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ დახმარება საქართველოდან.
განსხვავება საქართველოს ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მიდგომებს შორის ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, აფხაზ და ოს პაციენტებს საქართველოში მკურნალობისათვის ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიეღოთ, მინიმუმ საქართველოს პირადობის ნომერი და სოციალური დაზღვევის ბარათი უნდა ჰქონოდათ. თუმცა მოგვიანებით, ახალმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ სახით, გადაწყვიტა მოეხდინა სამედიცინო დახმარების მეტი ლიბერალიზაცია და ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ საქართველოს დოკუმენტების ქონა. საკმარისია მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მათი ცხოვრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ეს სიახლე ასე განმარტა, -მისი თქმით, მკურნალობის გაწევა წმინდა ჰუმანიტარული საკითხია და პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს. ,,ჩვენ არ გვინდა ამ პროცესის რეკლამირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლები მაინც ჩამოდიან, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა. სერიოზულად არავინ ცდილობს შეეწინააღმდეგოს ხალხის სურვილს, სამედიცინო დახმარება მიიღონ იქ, სადაც მკურნალობა ხარისხიანი და უფასოა”,– განაცხადა ზაქარეიშვილმა. ნათელია, რომ ეს პოლიტიკა შეიძლება გახდეს თვალსაჩინო მაგალითი თბილისის შერბილებული პოზიციისა მოსკოვთან მეტოქეობაში საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.