„მზადდება ცვლილება, რომ პირისაგან სასამართლო განჩინების გარეშე, საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება შესაძლებელი გახდეს “

არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკის და სამართლის ცენტრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, აღარ შევიდეს ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლში, რომლითაც გამომძიებელს უფლება ეძლეოდა ჩხრეკა-ამოღება და საკუთრების უფლების სხვაგვარი შეზღუდვა განეხორციელებინა ფორმალური პროცესუალური დოკუმენტის – დადგენილების გამოტანის გარეშე, დადებითად აფასებს,- ამის შესახებ განცხადება პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიგუაშვილის განცხადებით, ცვლილება გააუარესებდა მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტიებს და უხეშად დაარღვევდა შეჯიბრებითობის პრინციპს ბრალდების მხარის სასარგებლოდ.
„ცვლილება განხორციელების შემთხვევაში აშკარად გააუარესებდა მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტიებს და უხეშად დაარღვევდა შეჯიბრებითობის პრინციპს ბრალდების მხარის სასარგებლოდ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ადვოკატები მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფარგლებში ისედაც აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან“,- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის ხელმძღვანელმა ყურადღება ადამიანის უფლებების შემზღუდავი და პოტენციური რისკების შემცველი სხვადასხვა კანონპროექტის ინიცირების მზარდ ტენდენციაზეც გაამახვილა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლში ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც ყოველგვარი დადგენილების და წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე, შესაძლებელია, პირისაგან საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება მოხდეს.
„ამ დღეებში საზოგადოების ყურადღება გადატანილი იქნა, ძირითადად, ჩხრეკა-ამოღების დროს გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის აუცილებლობაზე, ამავე დროს, ერთგვარად ჩრდილში მოექცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი დადგენილების და წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე, შესაძლებელია მოხდეს პირისაგან საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება, რაც ასევე არანაკლები საფრთხის შემცველი ნორმაა ადამიანის ღირსებისა და პირადი ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით. ორგანიზაცია პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი მოუწოდებს კანონპროექტის ავტორებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე და 147-ე მუხლების რედაქტირებისას, გაითვალისწინონ „თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უმაღლესი კონსტიტუციური პრინციპი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხი, მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით“,- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები