2014 წელს საქართველოში მომხდარი 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ”კვირამ” გადაწყვიტა 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეეკრიბა. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სკანდალური მოვლენების ოქროს ათეულს.

1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრეულების რატიფიცირება

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა ჩვენს ათეულში პირველ ადგილს იკავებს. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც საქართველო ევროპულ საზოგადოებას მიუახლოვდა და მის მიერ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო გაამყარა. 18 დეკემბერს, ბრიუსელში დოკუმენტის რატიფიცირების პროცესს ევროპარლაენტის 491  დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ქართული დელეგაციის გარდა  მიწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ევროპარლამენტში ის სახალხო პარტიის წევრის იაცეკ სარიუჟის სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობამ სააკაშვილის ევროპარლამენტში მიწვევა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე დასწრება უარყოფითად შეაფასა.

2. უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული პარტნიორობის დოკუმენტი

ჩვენს მიერ გამოკითხული საზოგადოებისთვის, წლის რიგით მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დოკუმენტის მიღება ქვეყანაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს, გაძლიერებულ კოორდინაციას და თავსებადობის ზრდის შესაძლებლობებს გულისხმობს. პარტნიორობის დოკუმენტით, ნატომ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს 2008 წელს, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებას: საქართველო ნამდვილად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

3. ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ახალი პროგრამა

ჩვენს ათეულში მესამე ადგილს იკავებს. გამოკითხული ადამიანების თქმით, C ჰეპატიტის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს შორის ყველაზე წარმატებული და შედეგიანი იყო. C ჰეპატიტის პროგრამა დღეს სამოქალაქო სექტორის 10 000 ბენეფიციარისათვის  სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასის გავრცელებას გულისხმობს. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის კი, მკურნალობის სრულ უზრუნველყოფას პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც მუშაობს იმაზე, რომ C ჰეპატიტის პროგრამა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენი საზოგადოების ინფიცირებული ნაწილისათვის. ორი წლის წინ,  სრული სამურნალო კურსის ჩასატარებლად  25 ათას დოლარზე მეტი იყო საჭირო, ახლა კი,  კურსი 60 %-ით გაიაფდა და გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.

3. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნა     

ჩვენს ხუთეულში წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენაა. ალასანია მისი უწყების მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას უჭკუო და ავანტიურისტი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, დადებითად პოზიტიურად შეაფასა მისი მინისტრობის პერიოდი, თავად მას კი ეფექტური მინისტრი უწოდა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატები” ”ქართულ ოცნებას” გამოეყო და ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდა.

4. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების შესახებ

მინდია ჯანელიძის და მისი უწყების სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა. განცხადება უკრაინის მეიდანზე დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალექსანდრე გრიგალაშვილს ეხებოდა. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამდა გრიგალაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავდროულად აფრთხილებდა ქართველ მოქალაქეებს, რომ არანაირი შემოთავაზებების სანაცვლოდ არ წასულიყვნენ საზღვარგარეთ და არ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოებაში ატეხილი აჯიოტაჟის შედეგად მინდია ჯანელიძე იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. მინ განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება სამინისტროს ტექნიკურ ხარვეზი იყო.

5. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება

უდაოდ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შევარდნაძე  2014 წლის 7 ივლისს 86 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის დამოუკიდებელი საქართველოს მ-2 პრეზიდენტი იყო. 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ კი თავისი ნებით გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოში არაერთგავროვანი დამოკიდებულება არსებობს. ბევრი დაობს იმაზე,თუ რამდენად კარგი პრეზიდენტი იყო ის საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტი, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი იყო უდაოა. თუ მსოფლიო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, აღსანიშნავია მისი როლი ბერლინის კედელის დანგრევაში.

7. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება

წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალური დაპატიმრებად ითვლება. აღნიშნულმა ფაქტმა უმცირესობის დიდი პროტესტი გამოიწვია. ისინი უგულავას საქმეს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დათა ახალაიას სკანდალური დაპატიმრებების ლოგიკური გაგრძლებაა. ამ სამეულს საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს. საქართველოს დღევანდელი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მართლმსაჯულების ზეიმია. უგულავას ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაა და ის 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8. კახა ბენდუქიძის გარდაცვალება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე ხმაურიანი იყო. მის მიმართ ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ის იყო ბიზნესმენი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის კანცელარიის უფროსიც. მართალია ბენდუქიძეს სახელმწიფო აპარატში ხშირად უმაღლესი თანამდებობები ეკავა, მაგრამ საზოგადოებისთვის ის ყოველთვის დარჩება, როგორც საქართველოს თავისუფალი უნივერსისტეტის დამაარსებელი და რექტორი. ადამიანი, რომელმაც ქართულ განათლების სისტემაში საკუთარი სიტყვა თქვა და მომავალ თობას ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დაუტოვა.

9.ხელგაშლილი ჩხუბი პარლამენტში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა ჩვენს ათეულში რიგით მეცხრე ადგილზეა. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგანაც მსგავსი ჩხუბი ქუთაისის ახალ პარლამენტში ჯერ არ მომხდარა. დაპირისპირებაში პარლამენტში  მყოფი ადამიანების თითქმის ნახევარი ჩაერთო, ზოგი თავად მონაწილეობდა ხელგაშლილ ჩხუბში, ზოგმაც კი, მაშველის პოზიცია ითავსა. შეხლა-შემოხლა ბობოხიძის გინებას მოჰყვა,რომლითაც მან  უმრავლესობას მიმართა. დღის ბოლოს ბობოხიძემ  ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი შეცდომა უწმაწური სიტყვების მიკროფონში გაჟღერება იყო.

10. ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში, უცხოური ფილმების ნომინაციაზე პირველად იქნა წარდგენილი ორი ქართული ფილმი: გიორგი ოვაშვილის ‘სიმინდის კუნძული”და ზაზა ურუშაძის ”მანდარინები”. მართალია, ეს უკანასკნელი ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი, მაგრამ ის რომ მისი რეჟისორი ქართველია, მაინც სასიხარულოა. ზაზა ურუშაძე ცნობილი ფეხბურთელის რამაზ ურუშაძის ვაჟია. ”მანდარინებში”ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი მიშა მესხი ასრულებს. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც  600 ათასი ევროა,თუმცა გამარჯვების იმედი რეალურია რადგანაც ფილმი უდაოდ კარგია, ასე თვლის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. ამერიკის კინოაკადემია საუკეთესო უცხოურ ფილმს 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეტრში გამართულ ტრადიციულ ოსკარების დაჯილდოებაზე გამოავლენს.

”კვირას” იმედი აქვს, რომ ახალი 2015 წელი ოსკარის მოპოვებით დაიწყება. საერთაშორისო ასპარესზე კი საქართველო კიდევ არაერთ წარმატებას მოიპოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები