შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონკურსს აცხადებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას „არა ძალადობას!“. კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ოჯახში ძალადობის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები შსს-ს სოციალური კამპანიების ფეისბუქის გვერდზე „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ 15 დეკემბრამდე უნდა ატვირთონ. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; საუკეთესო ტელეგადაცემა; საუკეთესო რადიოსიუჟეტი; საუკეთესო რადიოგადაცემა; საუკეთესო სტატია. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი დათო ტურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს კონკურსს მოქალაქეებისთვის – საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე. საკონკურსო ნამუშევრები კამპანისს ფეისბუქის გვერდზე უნდა აიტვირთოს. გამარჯვებულები მოწონებების („ლაიქების“) რაოდენობით გამოვლინდებიან. კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.