დავით ქართველიშვილი: ტრამპის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება უფრო „განზრახვების მემორანდუმია”, ვიდრე სრული სამშვიდობო ხელშეკრულება – პოლიტიკური ნების დეკლარაციაა და არა სამართლებრივი საყრდენი
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, თეთრ სახლში დაგეგმილ “ისტორიულ სამშვიდობო სამიტს” სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ინიციატივით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ზანგეზურის სატრანზიტო დერეფანი იქნება.
“აშშ-ს უჩნდება რეგიონალური დომინანტის სიმბოლური ფუნქცია, ხოლო ტრამპი აძლიერებს თავის საგარეო პოლიტიკურ რეპუტაციას, შესაძლოა მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნობელის მშვიდობის პრემიისკენ მიმავალ გზაზე” – წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ტრამპისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიპლომატიური მიღწევაა, რადგან იქმნება მშვიდობის მომტანი მუხტის ილუზია.
“დღეს, 2025 წლის 8 აგვისტოს (საკმაოდ საკრალური თარიღია), თეთრ სახლში გაიმართება ე.წ. „ისტორიული სამშვიდობო სამიტი” – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რათა ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას. მასში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ზანგეზურის სატრანზიტო დერეფნის შექმნა (პროექტი, ცნობილი როგორც „Trump Route for International Peace and Prosperity”), რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს ნახიჭევანთან.
აშშ მიიღებს იჯარის უფლებას (leasing rights) ამ დერეფნის განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს რკინიგზას, მილსადენებსა და ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზებს – შეთანხმების პირობების მიხედვით, მშენებლობას კერძო კომპანიები განახორციელებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გასვლას ეუთოს მინსკის ჯგუფიდან და აშშ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას.
და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს დოკუმენტი უფრო „განზრახვების მემორანდუმია”, ვიდრე სრული სამშვიდობო ხელშეკრულება – პოლიტიკური ნების დეკლარაცია და არა სამართლებრივი საყრდენი. აშშ-ს უჩნდება რეგიონალური დომინანტის სიმბოლური ფუნქცია, ხოლო ტრამპი აძლიერებს თავის საგარეო პოლიტიკურ რეპუტაციას, შესაძლოა მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნობელის მშვიდობის პრემიისკენ მიმავალ გზაზე.
ვაშინგტონის სამიტის წინ, სომხეთი და აზერბაიჯანი ნაკლებად იყვნენ მზად ახალი დათმობებისთვის: ბაქოსთვის მთავარია დერეფანი, ერევნისთვის — დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე. ამ კუთხით, აშშ-ის ჩართვა ორივე მხარეს აძლევს საშუალებას დააბალანსონ რეგიონში მოსკოვისა და თეირანის გავლენები. აშშ-ს ეძლევა შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის საკვანძო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კვანძზე საკუთარი კონტროლის დეკლარირებისა, რომელიც კონკურენციას გაუწევს რუსეთს, ირანს და ნაწილობრივ ჩინეთს. ეს ვაშინგტონს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ შუამავლად, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის მყარ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს – ყოველ შემთხვევაში ამ როლზე ღია განაცხადი გააკეთოს.
თვით ამ პროექტის დასახელება TRIPP („Trump Route for International Peace and Prosperity”) — ზედმეტად პერსონალიზებული და პათოსური ჟღერადობისაა. მსგავსი რიტორიკა შუასაუკუნოვანი იმპერიების დროინდელი „საკრალური გზების” შექმნის ტრადიციას გვაგონებს, სადაც მმართველი (ჰეგემონი) საკუთარ სახელს ამყარებდა გეოპოლიტიკაში. შეთანხმების სავარაუდო სცენარით, თეთრი სახლი “ზანგეზურის დერეფანს” იჯარის საფუძველზე აიღებს 99 წლის ვადით – რაც ფაქტობრივად ნიშნავს ამ მონაკვეთზე ერთი საუკუნით კონტროლის დაწესებას. ანუ, „პროტექტორატის”გაფორმებას – „ეკონომიკური ინიციატივის” ფასადის ლეგენდირებით.
აშშ-სთვის და ტრამპისთვის ეს უდავოდ დიპლომატიური მიღწევაა – შეთანხმება სიმბოლურად ასახავს ორი ყოფილი მტრის გამოსვლას ხანგრძლივი კონფლიქტიდან. თუმცა შინაარსი უფრო დეკლარაციულია, ვიდრე პრაქტიკული ხასიათის. საქმე იმდენად არ ეხება კონფლიქტის რეალურ დასრულებას, რამდენადაც განზრახვების დემონსტრაციას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. და დიახ, ეს ღირსეული სვლაა ტრამპისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, რომელიც ცდილობს გამორჩეული იყოს მსოფლიო ასპარეზზე: იქმნება ძლიერი მშვიდობის მომტანი მუხტის ილუზია, ხოლო ტრამპი წარმოჩენილია კეთილ “ჯადოქრად”, რომლის ერთმა ინიციატივამ რეგიონს მოუტანა იმაზე მეტი – ვიდრე ათეულობით წლების განმავლობაში ფართო წარმომადგენლობითმა საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევამ,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.