შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის ზრდას სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის

„ჩვენზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას არ ჰყავს. მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის ზრდას სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ათწლეულებია ყველაზე დიდი გულშემატკივარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების.

„ჩვენ ათწლეულებია ვართ ყველაზე დიდი გულშემატკივარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებისა. ასე რომ ჩვენზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას არ ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მშვიდობა იყოს მდგრადი და მოიძებნოს ის საშუალებები, რომლითაც ეს მშვიდობა იქნება მდგრადი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და გვიხარია თუკი აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას. ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ზუსტად ამას უკავშირდება ხოლმე, ზუსტად ამას ვკითხულობთ რა ეტაპზე არის. ჩვენ მათ შორის შეთავაზებული გვაქვს ფორმატები იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ნდობის აღდგენის მხრივ, ჩვენს შემთხვევაში საპარლამენტო ფორმატები შევთავაზოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გადაიზარდოს შემდეგ საქმიან ურთიერთობაში და დამყარდეს მდგრადი მშვიდობა.

ჩვენთვის მთავარი არის, რომ დამყარდეს მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. სამწუხაროდ, ის ფორმატი, რომელიც მანამდე არსებობდა, სადაც ეუთოც იყო ჩართული, საფრანგეთი იყო ჩართული, ევროკავშირი ბევრს ცდილობდა, ვხედავთ რომ იმ ფორმატმა შედეგი ვერ გამოიღო. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც შედეგს გამოიღებს, ჩვენთვის მისასალმებელი არის, ვინაიდან მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის ზრდას სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები