ინგა გოგიბერიძე – მე ფერფლიდანაც აღვსდექი

მისი ცხოვრების კრედო სიკეთის ქმნაა. მუდამ ახლის ძიებაში ან კარგად მივიწყებული ძველის გაცოცხლებაშია. ადამიანთა გაერთიანებისთვის მზრუნველი ბევრი სხვადასხვა სასიკეთო აქციისა თუ პროექტის სულისჩამდგმელია. როგორც თავად აცხადებს, ცდილობს საზოგადო საქმისთვის დაუნანებლად გამოიყენოს საკუთარი უშრეტი ენერგია.ინგა გოგიბერიძის  ნაწერებიდან და მინიატურებიდან კარგად ჩანს ავტორის სულიერი სამყარო, მისი ჯადოსნური ხელების მიერ სამკაულებად აკინძული თუნდაც უბრალო ქვები კი ნატიფი და ბევრისმთქმელია. გრჩება განცდა, რომ  რაშიც სულსა და გულს ჩადებ, სიყვარულით გააკეთებ, უბრალოც რომ იყოს, თვალისმომჭრელ სილამაზედ გარდაისახება.

ქ–ნო ინგა, ბათუმიდან ბრძანდებით, მოგვიყევით თქვენი წარმოშობის შესახებ.

დროზე ადრე გამოვედი დედის მუცლიდან.. ეტყობა იქაც ვიცოდი, რომ ყველაფერი მეჩქარებოდა და სწრაფად უნდა მეკეთებინა რაღაცა… როგორც პატარა თაგვი ისეთი ვიყავი… ალბათ ამიტომაც გამანებივრეს და ბავშვობაში კარგა ხანს მეგონა, რომ ჩემზე ლამაზი და კარგი არავინ იყო ამ ქვეყანაზე… ბევრი დრო დამჭირდა და ძალისხმევა ამის გადასალახად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა – ერთ ულამაზეს საპორტო ქალაქში დავიბადე, სადაც მუდამ თეთრი მაგნოლიები ყვავოდნენ… ერთ ულამაზეს ქუჩაზე გავიზარდე, სადაც წელიწადის ყველა დრო ჩემს სულში ნაკვალევს ტოვებდა… კლასი ყველაზე გამორჩეული მყავდა: პირველი სკოლის პირველი ა-დან მეტერთმეტე ა-მდე რჩეულები, ლამაზები და ჭკვიანები – ყველა ხუთოსნები… მაშ როგორი შვილი უნდა ვყოფილიყავი აქედან? – სათუთი და სათნო, მოსიყვარულე… სკოლა მედალზე, ხოლო პედაგოგიური უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე.

პედაგოგი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?!

დალი მახარაძე, რომლის ნასწავლი სიკეთე მომყვება დღესაც. ის ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი გახლდათ.

ინგა, რა ასაკში მიხვდით, რომ უნდა გეწერა?

ორი წლის წინ დავიწყე წერა…ღამე რაღაცა მაღვიძებდა… ხან შვილიშვილის ფანქრებით ვწერდი, ხან მის სახატავ რვეულებზე.  გვიან მივხვდი, რომ ღამით პასტა და ფურცელი მჭირდებოდა. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის.

თქვენი ნაწერების პირველი შემფასებელი ვინ იყო?

ჩემი ქალიშვილი.

ტკივილი, რომელიც მძიმედ გადაიტანეთ?

მამა რომ გარდამეცვალა, 23 წლის ვიყავი და მეგონა სამყარო დაიქცა (რაც მაშინ მეგონა, იგივეა დღესაც) იმიტომ, რომ აღარსად არ არიან ისეთი მამები, მე და ჩემს დას რომ გვერგო წილად. ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო ყველა თავისი ქცევით, საუბრით, მშვიდი ხმის ტემბრით, ულამაზესი ღიმილით, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულით. მე მინდა მას ვგავდე…. თუ აქამდე ვერ მოვახარხე, დღეიდან მაინც… განსაკუთრებულად მიყვარდა მამა და თუ რაიმეს მივაღწიე, მარტო იმის სიყვარულით, რომ მამას ასე გაუხარდებოდა.

თქვენი უსაზღვრო ენერგიის საიდუმლო?

ალბათ სიკეთე (იღიმის) მთელი ცხოვრება სიკეთის ძებნაში ვიყავი და ვარ… ვერ წარმომედგინა, ბოროტი და შურიანი ადამიანი რას გრძნობდა, იმიტომ, რომ მე ყოველთვის კარგზე ვფიქრობდი. მაშინაც კი, როცა მაწყენინებდნენ ხოლმე, ორ დღეში მავიწყდებოდა. ნამდვილად გადიოდა გულიდან წყენა და ის მახსოვდა მარტო, თუ რა კარგი გამიკეთა ამ ადამიანმა… მედალს ხომ ორი მხარე აქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი, მე მარტო კარგიდან ვიყურებოდი და ვიყურები ახლაც… ამიტომაც ვგრძნობ თავს კარგად ჩემს პატარებთან და ზღაპრებთან ერთად.10805227_10152544390564779_650340544_n
რუსული ენის სპეციალისტი ვარ. ბიბლიოთეკამდე 14 წელი აჭარის კულტურის სამინსტროში ვმუშაობდა და თანაც, ძალიან წარმატებულად. კოლეგიის მდივანი, საიდუმლო სექტორის გამგე, მინისტრის თანაშემწე… მაშინ ვფიქრობდი, რომ რასაც ვაკეთებდი, სრულად დამაკმაყოფილებელი იყო ჩემთვის:  ვღებულობდი მონაწილეობას ფესტივალებში, კონცერტებში, საღამოებში… მაგრამ როცა ბათუმის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად გადამიყვანეს სამინისტროდან, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი-ჯერ შეშფოთება, რომ არ მინდოდა სხვა სამსახური, მერე მოწონება და მხოლოდ ბოლოს შეყვარება და გააქტიურება…
ჩემი ასეთი გააქტიურება კი ბავშვების დიდმა სიყვარულმა გამოიწვია და კიდევ იმის დანახვის სურვილმა, რომ ტყუილად არ მოვედი ამ დალოცვილ ქვეყანაზე. 50 წლის გადასახედიდან სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს…. ვერ მივმხვდარვარ უკან დარჩა უფრო სასურველი დღეები, თუ წინ მელოდა საოცრება. სწორედ ამ საოცრებების ძებნაში დავიწყე სხვისი ვარსკვლავების და ნიჭის ამოცნობა. მინდოდა, ისეთი ახალგაზრდები მეპოვა და გამომეყვანა სამზეოზე, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდებოდა.  ამიტომ 2012 და 2013 წელი თითქმის თავაუღებელ შრომაში გავატარე. ვკითხულობდი ყველაფრს, წიგნებიდან, სოციალური გვერდებიდან, რასაც წავაწყდებოდი, ვიწერდი. მაშინ ასე კარგად ვერ ვფლობდი კომპიუტერს და მივხვდი, რომ ჩემთვის ბიბლიოთეკაში ყოფნა მარგალიტია, იმისათვის რომ სხვისი ნიჭი აღმოვაჩინო და ვიკითხო ქართულად, რადგან განათლება რუსულად მაქვს მიღებული.

სოციალური ქსელის საშუალებით ბევრი პროექტი   განახორციელეთ.

ძალიან მეხმარება სოციალური ქსელი. მე ვზივარ და ჩემი მეგობრების ლექსებს, ჩანაწერებს, ნოველებს, მოთხრობებს, ყველაფერს ვკითხულობ. არასოდეს მოწონება არ დამიწერია, თუ არ წამიკითხავს და გულში არ ჩამიხუტებია. შემდეგ მათ  შემოქმედებას პოპულარიზაციას ვუწევ. ამას მთელი სულით ვაკეთებ, იმიტომ, რომ ამ გვერდს დიდი ძალა აქვს და ეს ძალა მინდა სიკეთეში მოიხმაროს ყველამ.

იყო კრიტიკა? როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე? 

კრიტიკასთან, რაც არ უნდა ვიძახოთ მისაღებიაო, მაინც ყველას გვიჭირს შეგუება. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაკრიტიკებს. ხან მისაღებია, ხან არა.

ინგა და ადამიანები…

სულ  კარგს ვფიქრობ ადამინებზე. ეს ჩემი ძირითადი თვისებაა.. ამ ბოლო დროს ჩემმა ცოტათი გამომზეურებამ ზოგიერთი ადამიანი ძალზედ დაამწუხრა, მაგარმ ეს მათი პრობლემაა… მე მიყვარს ადამიანები და მუდმივად იმედის დირიჟაბლში ვზივარ, იქვე უზარმაზარ პურს ვაცხობ და ყველას ვურიგებ მთელ ქვეყანაზე.

როგორი მეუღლე და დედა ხართ?

ამერიკაში 4 წელი მეუღლესათან ერთად გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ იქ მძიმე წლები გვქონდა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე საუკეთესო წლები მეუღლესთან განმარტოების, მე იმ მუსიკას ვუსმენდი, რაც მას უყვარდა, ერთად ვუყურებდით საღამოობით ფილმებს, ერთად  დავდიოთ საყიდლებზე, ერთად ვიცინოდით და ერთად გვენატრებოდა შვილი, რომელიც აქ დავტოვეთ. 10816010_10152544390594779_374283982_nეს ჩვენი უფრო რიგად შეუღლების და დამეგობერების წლები იყო (იღიმის),  რაც შეეხება იმას, თუ როგორი დედა ვარ,  ერთხელ დავჯექი და ყველაფერი დავწერე, რასაც ვგრძნობდი… „ნუ გეშინია დედა, ნუ გეშინია დედა“- დედამიწაზე რამდენჯერ ნათქვამი ეს ფრაზა წამომიტივდივდა ამ ღამის ფიქრებიდან. ნეტა საიდან მოდის შიში, რომელსაც შვილი ვერ ძლევს დედის გარეშე. ალბათ მუცლად ყოფნის პერიოდიდან. იმ პერიოდიდან, როდესაც ჭიპლარით გადახლართული ერთი ორგანიზმი ერთად სუნთქავს, ფიქრობს, უსმენს და აზროვნებს კიდეც. ალბათ ეს ჭიპლარი იმ ხვიარებს და ლიანებს გავს, ტროპიკულ ტყეებში გზა რომ გადაუკეტია და თუ არ ამოძირკვე ან ამოჭერი ძირფესვიანად, ვერაფრით ვერ გაივლი. შეიძლება ეს ჭიპლარი საცალფეხო ბილიკს გავს, სადაც მთელი ცხოვრება დადხარ და დედის ხმა გესმის უკან – „ნუ გეშინია დედა!“  შეიძლება ეს დროა… ის დრო, რომელსაც ვერც შეაჩერებ. საათივით ვერც წინ და ვერც უკან გადასწევ… აბა რას მიხვდები, შენ ხომ ჯერ კიდევ შვილი ხარ და დედის ხმა ისევ ჩაგესმის – „ნუ გეშინია დედა!“ არა, არ მეშინია, არაფრის არ მეშინია დედა, პასუხობ ყალბად…. სინამდვილეში კი გეშინია, ყველაფრის: ქარის, წვიმის, მზის, მთვარისაც კი და უვარსკვლავებო ცისაც. ქარი საშინლად გიწეწვს თმებს, შეიძლება ტანსაცმელიც კი შემოგახიოს და დარჩები მერე გაშიშვლებული. მართლა შეგეშინდება, მზემ არ დაგხედოს და არ დაწვას და დაფერფლოს შენი შიშველი სხეული. წვიმა? ისიც არ მოგწონს. ყველაფერს ასველებს. ფეხსაცმელები უშნოდ ჭყლაპუნობენ და სასტიკ ხმებს გამოსცემენ. აბა დააკვირდი? ასე არ არის? ასეა კი… მაშინაც გეშინია ცას რომ ახედავ და ბევრი ვარსკვლავის გარდა რამდენიმე დაგხვდება. ისინიც ხომ მკრთალად ანათებენ და სულამდე არ აღწევენ. კი გეშინია, მაგრამ გათენებას უცდი. მთავარია, მართლა არ შემოგეპაროს ეს შიში შორიდან. შენს გულში არ გაიდგას ფესვები და შიშის თვალებით არ შეხედო დილის გათენებას. ნუ გეშინია დედა! მალე გათენდება! მალე განათდება სამყარო და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია დედა! შენი ინგა დედიკო.

მაღალმთიან სოფლებს  მხარდაჭერა გამოუცხადეთ  რას ისახავდა მიზნად ეს აქცია ?

პირველად პატარების გახარებას, წიგნიერების დამკვიდრებას და  წიგნთან დაახლოების  პროცესს, მაგრამ ადგილებზე რომ ავედი, მაშინ მივხვდი უფრო მწარედ აჭარის მაღალმთიანეთის პატარებისათვის, როგორი საჭირო და აუცილებელი ყოფილა წიგნები. მე მათმა გულწრფელმა ცრემლმა ამიყვანა იქ და მათმა გულწრფელმა სიხარულმა მათქმევინა – ერთ წუთში ჩატეული პროექტის მადლი, რომელსაც მგონი უკვალოდ არ ჩაუვლია.

გარდა თქვენი შემოქმედებითი საქმიანობისა, ქმნით სამკაულებს, სუვენირებს, მისალოც ბარათებს, გამოფენებიც მოაწყვეთ, როგორ ახერხებთ ამდენს?

მეც არ ვიცი როგორ ვახერხებ… ნამდვილი გულით და უდიდესი სიყვარულით ვაკეთებ… ბავშვობიდან ასე ვიყავი: უფრო მიხაროდა,როცა სხვას ვჩუქნიდი საჩუქარს, ვიდრე მე მჩუქნიდნენ… ახლაც ასე ვარ: მიხარია, სხვას რომ გავამშვენიერებ, სხვას რომ უფრო გაუხარდება, მაშინ ვარ ძალიან ბედნიერი.

რა მასალას იყენებთ სამკაულების შესაქმნელად?

ძირითადად-უბრალო ქვებს და პლასტმასებს, მაგარმ თუ შეკვეთა მაქვს, მაშინ ქარვას და ზურმუხტს.

რეალურ ცხოვრებაში  თქვენს გარშემო მყოფ ადამიანთაგან ვინ არის თქვენთვის მისაბაძი?

აუცილებლად დავასახელებ  გიორგი კეკელიძეს, როგორც ძალიან კრეატიულ და შრომისმოყვარე ადამიანს, მის შემოქმედებით ნიჭზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მასზე, როგორც საუკეთესო მმართველზე, კარგ ნოვატორზე  დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მხოლოდ ერთი ფაქტიც კი კმარა  მის დასახასიათებლად: იგი ძველ, გადაყრილ მაკულატურაში თანამშრომლებთან ერთად წიგნებს არჩევს, ეგებ რაიმე ვნახო ისეთი, ბიბლიოთეკის ფონდი რომ გავამდიდროო. ამას ხომ უნდა მოფიქრება?! მიყვარს ასეთი ახალგაზრდა, მოაზროვნე ადამიანები.
ზოგადად იკლო გმირების რაოდენობამ… ძალიან იკლო… მაგრამ ჩემი ძველი მეგობარი, უნიჭიერესი ქლბატონი იზა ვეფვაძე მინდა ვახსენო.  ქართველი ქალის განსახირება, ქალის, რომელიც მისი ნიჭით და უნარით ერისთვის  სასიკეთო საქმეებს აკეთებს. ასევე ქალბატონი ნინო ჯიბუტი… ეს ქალბატონი წელს ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე“ გავიცანი სოფელ ღორეშაში… ქალბატონი ნინო დიდი სიყვარულით ყოველ მეორე დღეს მირეკავს, მეხმიანება, მომიკითხავს თბილად… ჩემს საქმიანობაზე კითხულობს დაწვრილებით, საჩუქრებიც კი გამომიგზავნა… აღარ მეგონა ასეთი უანგარო ადამინები კიდევ თუ არსებობდნენ.

რას ნიშნავს იყო წარმატებული ადამიანი“?  თქვენი აზრით, რა არის ამისათვის საჭირო. რას ურჩევდით ახალგაზრდა  თაობას?

წიგნთან სიახლოვეს. ქართული ტრდიციების შენარჩუნებას და დაცვას.

კითხვა, რომელზეც არასდროს არ  გაქვთ   პასუხი? 

როგორი ამინდი იქნება ხვალ?(იცინის)

ზღაპარი, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვთ? 

პეპი გრძელი წინდა. ბავშვობაში სულ მასსავით ვიკეთებდი თმებს.  სურათიც მაქვს.

საკუთარ თავისთვის  ხშირად დასმული კითხვა?

რა გავაკეთე არსაწორად, რომ 5 წელი ამერიკაში შავ მუშად მომიწია ცხოვრება მეუღლესათან ერთად…… ერთი და იგივე შევდომას ვუშვებ ხოლმე: სხვას ვეხმარები და მერე მე ვრჩები დასახმარებელი, მაგრამ მაინც ვაგრძელებ, სხვანაიარდად არ შემიძლია.

თვლით, რომ ეს  თქვენი  ცხოვრების  შავი ფურცელია თუ  გამოცდილება?  მართლმადიდებელი ბრძანდებით და იქნებ ამით  დაგამდაბლათ  უფალმა?

არასოდეს ჩამითვლია, რომ შავი ფურცელია… ადამიანი უნდა იყოს სიმდაბლით სიმაღლის მომპოვებელი. და თუ მე ეს შემაძლებინა უფალმა, მადლობა უფალს!

ქ–ნო ინგა, რას ურჩევდით უცხოეთში სამუშაოდ წასულ ოჯახებს?

გამიხარდა ეს კითხვა რომ დამისვით. ვურჩევდი, მალე დაბრუნდნენ საქართველოში… არასოდეს გაუშვან ქმრებმა ცოლები და ცოლებმა ქმრები მარტო სამუშაოდ უცხოეთში… იმიტომ მარტოსულის დაბრუნების შანსი ნული პროცენტია, ოჯახის კი – 10 პროცენტი… აქ ძალიან ბევრი წინაღობაა… ამიტომაც დიდი მადლობა უფალს, რომ სამშობლოში დავბრუნდი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე.

როგორ იქცევით, როცა რაიმე სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ?

მიუხედავად იმისა, რომ რთულია ცხოვრების გზა, არ ვფიქრობ, რომ არის სიტუაციები, საიდანაც ვერ გამოხვალ, ასეთი სიტუაცია მხოლოდ გარდაცვალებაა.  მე ფერფლიდანაც აღვსდექი. აი ასეთი ხასიათის ვარ!

აინტერესოა, რას ნიშნავს ფერფლიდან აღდგომა, რარეცეპტიგაქვთ?

 არასოდეს არ ჩამოვუშვებ ცხვირს (იღიმის) ყოველ დილით ახალი იდეებით მოვდივარ… ჩემი დაიკო მეტყვის ხოლმე: ინგა მე გამანდე სანამ სხვას ეტყოდეო. ვიბრძვი, ვფიქრობ, ვიგონებ, (ცოტა იუმორიც მეხმარება), ვანსახიერებ – მოკლედ ასეთ დროს ვცოცხლობ… არ ვკვდები (იცინის).

როგორია ინგა გოგიბერიძის სამომავლო გეგმები.

ძალიან კარგი გეგმები მაქვს, თუმცა ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს (იცინის).

10808158_10152544390554779_10307896_n

10814340_10152544390559779_1986019193_n

10818679_10152544390574779_206591436_n

10822615_10152544390579779_1742464490_n

ირმა მირზაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები