გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სოფელ უჩხითში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, სოფელ უჩხითში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცხავამ, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დასუფთავების აქციის მიზანია, ლოკალური მწვანე სივრცეების ნარჩენებისგან გათავისუფლება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვის საქმეში. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და შევქმნათ უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა გიორგი ფანცხავამ.

გარემოს დაცვის მსოფლიო  დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1972 წელს დაარსდა. მისი აღნიშვნის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის წინაშე და აქტიურად ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, რომლებიც გარემოს დაცვას ემსახურება.

2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო  დღის მთავარი თემაა: „ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები