„არაფერი უკვალოდ არ რჩება, ყველაფერი ერთმანეთზეა  მიბმული…“

„დიდი მნიშვნელობა აქვს როცა, პედაგოგი სტუდენტებთან დროს თავისი იდეების განხორციელებას კი არ უთმობს, არამედ იმას, რომ სტუდენტები მსახიობები გაიზარდნონ. პროფესია არ არის მხოლოდ ნიჭი, რომლის გამოც ჩვენ თეატრალურ ინსტიტუტში ვხვდებით. ეს არის ხელობა – პროფესია, რომელსაც უნდა ფლობდე. ნიჭი მხოლოდ 4-5 წელი გიშველის თეატრში…“
ბუბა გოგორიშვილის წარმატებული და იღბლიანი შემოქმედებითი ცხოვრება.

– დაამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და რუსთავის თეატრში აღმოჩნდი…10807837_764793733569681_1829841972_n
– რუსთავის თეატრმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, თუმცა ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა. გოგი ქავთარაძემ მხატვრული კითხვის გამოცდაზე მნახა და იქ წასვლა შემომთავაზა. ერთი მხრივ, მესიამოვნა, მაგრამ დავფიქრდი. როგორც არ გინდა თქვა ადამიანმა, რომ ამბიციური არ ხარ, მაინც სულ ფიქრობ, რომ ან რუსთაველის, ან მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში მოხვდე. გიგა ლორთქიფანიძემ დამიბარა და მითხრა: „ყველა კარგი მსახიობისთვის რუსთავის თეატრი ტრამპლინი იყო, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და დამიჯერე, არ ინანებ.“ ძალიან კარგი დასი ჰყავდა გოგის. გამოცდილი მსახიობები დამხვდნენ, რომლებმაც შვილივით მიმიღეს და იქ ნათამაშები, თუნდაც ორი როლიდან შექსპირის „ჰამლეტი“ – ოფელია და იბსენის „ბრძოლა ტახტისთვის“ – მარგარიტა, ვთვლი, რომ კარგი გამოცდილება მივიღე. წამოვიდა გოგი ქავთარაძე და მეც წამოვედი თეატრიდან.
– წამოხვედი რუსთავის თეატრიდან და ექვსი თვე არაფერი გაგიკეთებია…
– რუსთავის თეატრში ყოფნის დროს პარალელურად, ვაკის სარდაფშიც ვთამაშობდი. კარგი პერიოდი იყო. ინტენსიური მუშაობიდან რომ ექვსი თვე არაფერს არ გააკეთებ, ძალიან რთულია. ფაქტობრივად, ახალი ცხოვრება დავიწყე. ისევ მუსკომედიის თეატრმა მიშველა, სადაც ამ მტკივნეული ექვსი თვის შემდედ დავბრუნდი. ორ თვეში დოი მოვიდა. ჩემი პროფესიის ნამდვილი შეყვარება სწორედ ამ პერიოდში იწყება. ბედნიერებაა, როცა იმ რეჟისორს ხვდები, რომელიც შენთვის მუდამ საინტერესოა და უთქმელად გესმის მისი. ბედნიერი ვარ, რომ დოის შევხვდი.
დავიწყეთ მუშაობა კამიუს, „ქალაქი ალყაში“ („შავი ჭირი“), სადაც სიკვდილი ვითამაშე. ვფიქრობ, ასეთი როლის შესრულება არტისტს ცხოვრებაში ერთხელ თუ მაინც მოუწევს, დიდი ბედნიერებაა. წარმოიდგინეთ, სიკვდილი ხომ აბსოლუტურად აბსტრაქტულია. როგორსაც გინდა, ისეთს გააკეთებ, რაც უფრო ბევრი წახნაგი ექნება, მით უკეთესი, რაც უფრო გაავსებ, უფრო საინტერესო. ბევრი ფერი უნდა იხმარო, ძალიან დაიხარჯო, ყველაფერი თუ შენში არსებობს უნდა აღმოაჩინო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი როლია.
– შენს ცხოვრებაში იყო სპექტაკლი „ძმები“…10748566_764793726903015_961515426_n
– ავთო ვარსიმაშვილმა შემომთავაზა ამ სპექტაკლში თამაში. ეს როლიც ძალიან მიყვარს, რადგან ახლაც თუ ვინმე მიცნობს, ამ სპექტაკლის დამსახურებაა.
– მაყურებელი…
– ყველაზე კარგია, როცა სტუდენტები დადიან თეატრში. ისინი ხმას ავრცელებენ, სხვანაირი სიყვარული იციან. მახსოვს, ჩემი სტუდენობა, რუსთაველის თეატრში რომ დავდიოდი, როგორ ვეთაყვანებოდი მსახიობებს. ფიქრობ, შენ როგორ შეასრულებდი ამა თუ იმ როლს, როგორ გინდა იმ როლის თამაში. რომანტიზმის პერიოდია. მაშინ ყალიბდება შენში საოცარი კოდები, რომლებიც, თუ კარგად დააკვირდები, სწორედ მაშინ ჩასახული ფანტაზიაა, რომელიც მერე ვლინდება, მაშინ გაშვებული ოცნებები კოსმოსში, რომელიც მერე გიბრუნდება.
საერთოდ, ჩვენი მთავარი შემფასებელი მაყურებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათგან წამოსულ ენერგიას, ფაქტობრივად, მათით ვარსებობთ. მიყვარს, ქუთაისის და, საერთოდ, რეგიონების მაყურებელი. თითქოს მოწმდები. სპექტაკლიც მოწმდება. მეტსაც გეტყვი, რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა ქუთაისში მნახა. სპექტაკლ „ძმებით“ ვიყავით ქუთაისში გასტროლებზე და მას შემდეგ უნდოდა ჩემთან მუშაობა. ამ ბოლო პერიოდში მიშას ორ სპექტაკლში – „მოჩვენებები“ და „ადამიანის ხმა“ვითამაშე . უბრალოდ, არაფერი უკვალოდ არ რჩება. ყველაფერი ერთმანეთზეა  მიბმული.
– ვინ არის შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი?
– ძალიან ვენდობი გიგის (ჩემი მეუღლის) აზრს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე თვითონ ვარ. მსახიობის ცხოვრებაში ეიფორიული პერიოდი მთავრდება. მერე დაგროვილი სათქმელი უნდა გადმოღვარო. ვგრძნობ, როცა არ გამოდის, როცა ვერ ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა.
მცდარია ყველა იმ ადამიანის შეფასება, ვინც მსახიობს პრემიერის დროს აფასებს. პრემიერის დროს მსახიობს აქვს 220 წნევა, სიცხე. არის შიშველ ემოციაზე და ინერციაზე. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ პრემიერის დღეს არტისტი ისე აზროვნებს, როგორც მეათე სპექტაკლის დროს. მე მერე უფრო ვმუშაობ საკუთარ როლზე. პრემიერა მარტო იმით არის სასიამოვნო, რომ გადიხარ სცენაზე, ცარიელდები და თავისუფლდები. გელაპარაკებიან და არაფერი არ გესმის. ხშირად იმასაც ვერ ვგრძნობ, რა ვითამაშე. ისეთი შეგრძნებაა, დიდი ტალღა, ცუნამი რომ გადაივლის და მერე რაც რჩება…  მსგავსი გრძნობა გასტროლზე მეორდება.
– მსოფლიო და თანამედროვე ქართული თეატრი…10806984_764793720236349_1708537316_n
– მე ვთვლი, რომ ქართული თეატრი ვითარდება. არც არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების თეატრებს. უბრალოდ, სხვა ქვეყნებში ბევრი ფული აქვთ თეატრებს. ჩვენ იძულებულნი ვართ, ფოიესთვის განკუთვნილ სცენაზე ვითამაშოთ, თუნდაც გორკის „ფსკერი“, შექსპირის „მაკბეტი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხარისხი დაბალია. დიდი სიამაყე მაქვს გასტროლების დროს. ყოველთვის დიდი ემოციით გვხდება საზღვარგარეთ მაყურებელი. ხორვატიის ფესტივალიდან, 12-დან 9 ნომინაციაში გავედით. უამრავი მიწვევა გვაქვს. არის მოლაპარაკება, რომ „ფსკერზე“ წელიწადში ერთი თვის განმავლობაში  საბერძნეთის რეპერტუარში ჩაჯდეს.
გარდა ამისა, ევროპის და დასავლეთის ქვეყნებში სპექტაკლის პიარი აბსოლუტურად დამოკიდებულია მედიაზე. სპექტაკლს ჯერ მედია იბარებს, იწერება სტატიები, შუქდება, ფასდება და მერე გადის მაყურებელზე. სპექტაკლის შემდეგ გიწყობენ პრესკონფერენციას. გაქებენ, გადიდებენ, მაგრამ გისვამენ კითხვებს. ვაი და არ გაქვს ნაფიქრი… ეს არის ძალიან კარგი როგორც სპექტაკლისთვის, ისე მსახიობისთვის. სამწუხაროდ, ქართველები ერთმანეთს ვეპრანჭებით და ობიექტურობას ვკარგავთ.
– როგორ ფიქრობ, თეატრმა უნდა ილაპარაკოს სოციალურ თემებზე?
– თეატრი ვალდებულია, სარკედ გაგიხდეს. თუმცა არსებობს გადმოცემის ფორმა. მე ვფიქრობ, დოის რეჟისურა სწორედ იმით არის საოცარი და განსაკუთრებული, რომ პირდაპირ არ მოგახლის სათქმელს. ის რაღაცის უკან დგას და ეს საინტერესოა, როგორც ხელოვნების თვალსაზრისით ისე, მისაღებადაც. ეს პროფესია იმიტომ გაქვს, რომ ცუდზე, კარგზე, ტკივილზე, სიხარულზე და მწუხარებაზე ილაპარაკო, ამით თქვა შენი სათქმელი. თუ, ამას არ აკეთებ, მაშინ იტყუები.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…10818755_764793723569682_568692736_n
– იცი რა, უბრალოდ სახელმწიფოში პრიორიტეტი არ არის თეატრი და კულტურა. მე ჩემს მეუღლეზე შვიდი წლით უფროსი რომ ვარ, ამ ფაქტით არაერთი ტელევიზია დაინტერესდა, მაგრამ მე რომ ლედი მაკბეტისთვის ხორვატიაში პრიზი ავიღე საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის, არავინ არ დაინტერესებულა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველაზე დიდი რამ, რაც გაგვაჩნია, კულტურა არის. თუ კულტურის განვითარებას ხელს შეუწყობენ, დიდი პრობლემა მოგვარდება. ჩვენი თეატრალური ცხოვრება რომ განვითარდეს, მედია უნდა დაინტერესდეს. ყურადღება გვჭირდება. ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს. საზღვარგარეთ არსებობენ პროდიუსერები, ჩვენთან ესეც არ არის.
– ადამიანები, რომლებმაც შენი ცხოვრება შეცვალეს…
– ჩემი შვილი…
– პარტნიორები სცენაზე…
– უნდა ვაღიარო, რომ პარტნიორებშიც მიმართლებს. ყველა ძალიან კარგები არიან, თუმცა არ შემიძლია, არ მოვიგონო ნიკო გომელაური. თავისი საქმის პროფესიონალი იყო.
– ყველაზე რთული…
– რთულია, როცა არ შეგიძლია ტკივილის ამოთქმა. მაგრამ მე ეს გამომდის. ასეთი პროფესია მაქვს. არის პრობლემები რომლისთვისაც გიგისაც არ ვიმეტებ. საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ. სირთულეები ცხოვრებაში ახალ-ახალ როლებს გვაკეთებინებს.
რთულია ჩვენი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საინტერესო პროფესია ჩემთვის არ არსებობს. შვილის ცუდად ყოფნის დროსაც კი, საკუთარ თავს აკვირდები, რა მდგომარეობაში ხარ. სხვანაირად არ გამოვა. სხვა შემთხვევაში მართალი არ ვიქნები.
– წარმატება…10805510_764793716903016_443949341_n
– წარმატებული  მაშინ ვიქნები, თუ ჩემი შვილი იქნება წარმატებული. კაცია და კაცს აუცილებლად სჭირდება წარმატება. ქალები ყოველთვის მოვძებნით საქმეს. ძლიერები ვართ…
– როგორც ვიცი, ოპტიმისტი ხარ…
– კი. მჯერა სასწაულების. მჯერა, რომ ჩემი ყველა ოცნება ასრულდება, ისე, როგორც აქამდე მისრულდებოდა. ჯერჯერობით ყველა როლი, რომელზეც ვოცნებობდი, ვითამაშე. არანაირი ძალისხმევა, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუმცა, როცა ვმუშაობ, ამ დროს არაფერი არ მაინტერესებს. გამიმართლდა, რომ ჩემი მეუღლეც მსახიობია. სხვა პროფესიის ადამიანს გაუჭირდებოდა ჩემს რეჟიმთან შეგუება, არანორმალური ფიქრების გამო, რომელიც მსახიობის როლს ახლავს. ბედნიერი ადამიანი ვარ. ამიტომ, სირთულეების დროს აღარ ვნერვიულობ. ყველაფერი დადებითად და სასიკეთოდ მიბრუნდება. მთავარი ოცნებები კი წინ არის და მჯერა, ისინიც ამისრულდება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები