მიშა ბერძენიშვილი – მხატვარი ზღაპრული სამყაროდან

მისი შემოქმედება მთლიანად ზღაპარია, რომელიც სიკეთეზე მოგვითხრობს. მხატვრის ნამუშვრებიდან კარგად ჩანს მისი შინაგანი ბუნება.საოცარი გულწრფელობით გადმოცემული ფიქრი, ემოცია, განცდა ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და თითქოს გამოსავალსაც გაპოვნინებს. 

ხუთი წლიდან ხატავთ, პირველი ნახატი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარშემომყოფებზე?!

რა გითხრათ, მე ძირითადად კრიტიკული ვარ ჩემი ნამუშევრების  მიმართ.  მაგრამ იყო ერთი ასეთი, რომელმაც  წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა  დედაჩემის სამეგობროში. ხუთი წლის ასაკში  შემთხვევით, არამიზანმიმართულად, დავხატე პერსონაჟი, რომელიც ძალიან წააგავდა ეროსი მანჯგალაძის გმირს ერთ–ერთი სპექტაკლიდან,  სადაც იგი სომეხ ვაჭარს ზიმზიმოვს თამაშობს. ეს ნახატი კარგა ხანს დედაჩემის მეგობართან ინახებოდა  საპატიოდ. მოგვიანებით კი, როცა დაგვიბრუნეს,  ჩარჩოში ჩავსვი და ახლაც მაქვს შენახული. პირადად მე არ აღვიქვამ ამ ჩემს პირველ მცდელობას ძალიან სერიოზულად.

მოზარდობის ასაკში რომელიმე დიდი მხატვარი თუ მოგწონდათ და თუ ბაძავდით მას?

ამ შემთხვევაში გამოვყოფდი სალვადორ დალის, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა მისი შემოქმედება. თინეიჯერულ ასაკში ვიყავით, როცა უფროსმა  მეგობარმა ბექა ქავთარაძემ მაზიარა ამ დიდ ხელოვანს. ასე   17-18 წლის ვიყავი, დალით რომ მოვიწამლე.  დავიწყე მიბაძვა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი გზა არ იყო და  შევეშვი. გადავწყვიტე, რომ ჩემი ნიშა მომეძებნა.

როგორია  მხატვრის ზღაპრებთან დამოკიდებულება? შთაგონების წყარო თუ გამხდარა ზღაპარის ან რომელიმე ნაწარმოების გმირი?

მე ძირითადად ზღაპრებით ვარსებობ. ზღაპარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაამბობია. ეს არ არის მარტო  ძილის წინ მოსაყოლი  ამბავი. ზღაპარში არის ძალიან დიდი სიბრძნე და ფილოსოფია. თუ ამის სწორად  გააზრება მოხდება,  ვფიქრობ, რომ ადამიანები უკეთესობისკენ შეიცვლებიან: ისინი უფრო მიმტევებლები გახდებიან და ზნეობრივი მხარე მათში უფრო ამაღლდება. პირველი ზღაპარი, რომელმაც  დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. იყო ტიბეტური ზღაპარი ოქროსრქიანი ირემი, რომლის  შინაარსი ასეთია – ერთი მოქანდაკე გამოძერწავს ქონდრის კაცს, მერე ეს ქონდრის კაცი გაცოცხლდება და ვინც კი გზაზე შეხვდება, ყველას ჭამს.  ერთხელაც მას ირემი შეხვდება და ეტყვის, პირდაპირ ჩაგიძვრები პირში, შენ პირი გააღეო. ასე  გატეხავს რქებით და დაამარცხებს  ქონდრის კაცს.  ხალხი  ირემს პატივისცემის ნიშნად  რქებს მოუოქროვებს. ირემი ხალხისთვის სათაყვანებელი წმინდა პერსონაჟი გახდება.  მობეზრებული ქონდა დედაჩემს ეს ზღაპარი (იცინის), ზეპირად  მახსოვდა და  მაინც ვაყოლებდი. რაც შეეხება შთაგონების წყაროს, დიახ,  მაქვს ნახატი პატარა გოგონას ამბავზე, ზღაპრის გმირზე, სადაც ესეთი გარდასახვა ხდება. გოგონას  ტირილის დროს მარგალიტები ცვივა, სიცილის დროს კი ყვავილები ამოდიან და ჩიტები გალობას იწყებენ. იმ  ეზოში, სადაც ეს გოგონა ცხოვრობს, საოცრებები ხდება. ამ ზღაპარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.  ასევე  ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ოსკარ უაილდის პატარა მოთხრობები, მაგალითად, „ბედნიერი უფლისწული“ და  „ბულბული და ვარდი“, რომელსაც საოცრად ტრაგიკული დასასრული აქვს. ეს მოთხრობები თავგანწირვისა და ერთგულების დიდი გამოხატულებაა. ასევე დიდი გავლენა იქონია ჩემზე ნორინამ, გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველიდან“ ერთ-ერთმა გმირმა. ყოველთვის მინდოდა ასეთ ადამიანს შევხვედროდი. ნორინას სახით ჩემი იდეალი დავინახე. მე ის დავხატე საკუთარი ინტერპრეტაციით.

რატომ ხატავთ ასე ხშირად ბუებს?

ძალიან მიყვარს ბუები. მათ  მიმართ კეთილგანწყობა გამიჩნდა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე“ წაკითხვის მერე . ძალიან იმოქმედა ამ მოთხრობამ  ჩემზე. სურვილი გამიჩნდა, ნახატებით გამომეხატა  ჩემი დამოკიდებულება ამ ფრინველის მიმართ. საოცარი ფრინველია, მტაცებელიც არის. ზოგი უარყოფით ფრინველადაც მიიჩნევს. მე არ ვთვლი ასე (იღიმება). მიუხედავად თავის პატარ-პატარა ნაკლებისა, ჩემთვის არის სიბრძნის სიმბოლო და საოცარი უნარ-თვისებების მქონე არსება. შეუძლია თავი მოატრიალოს 360 გრადუსით (იცინის), აქვს დიდი თვალები. რაღაც ისეთი საყვარელი ფრინველია, ფუმფულა –  ჩემთვის ასე ასოცირდება.

ბაბუა  ცნობილი მხატვარი იყო. ხედავდა თუ არა ბაბუა  პატარა ბიჭის შესაძლებლობებს?

ბაბუა სამწუხაროდ ამ ყველაფერს ვერ მოესწრო, ის 1985 წელს გარდაიცვალა, მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი და არ ვიცი ამ შესაძლებლობას ხედავდა თუ არა.  ვფიქრობ,  ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს  სერიოზულად არ აღიქვამდა, ან სამომავლოდ ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით რაიმე გეგმები.

10811547_10152531554249779_2017536757_nბაბუას გავლენის ქვეშ ხომ არ ხართ? მის მხარდაჭერას  თუ გრძნობთ?

დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ბევრს მასწავლიდა და ამ სფეროში უფრო მეტ განათლებას მივიღებდი ვიდრე დღეს მაქვს. არა, ჩემს ნამუშევრებში ბაბუას გავლენა არ არის, ის სხვა სტილის მხატვარი გახლდათ, ხშირად  ვგრძნობ  მის მხარდაჭერას, თუმცა ამას ენით  ვერ აღწერ. სულიერების მომენტია: ის გეხმარება, რჩევასაც გაძლევს, ოღონდ ეს მარტო შენ გესმის და შენ ხედავ (იღიმის).

თქვენი შინაგანი განწყობა და ყოფითი ცხოვრება.

შინაგანი ძალიან  განსხვავდება იმისგან, რაც რეალობაშია. დაახლოებით ისეთი სხვაობაა, როგორც წითელ და მწვანე ფერებს შორის.  ყოფითი პრობლემაა: წახვედი სამხახურში, მოხვედი,  ურთიერთობები კოლეგებთან, კლიენტის მომსახურება, ყოველდღიური რუტინა. რა თქმა უნდა, სახლში მოსული ვუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს. როდესაც ყოფითიდან გამოვდივარ, მე მაშინ ვარ თავისუფალი და ვისვენებ ყველაფრისგან. სულ სხვა სამყაროში ვარ, ვმოძრაობ, ვმოგზაურობ.

 სამი პერსონალური გამოფენა გქონდათ. ნამუშევრებიც გაგიყიდიათ. გინანიათ ნახატის გაყიდვა?

არა. სხვათაშორის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვიღაცა შენს შემოქმედებას აფასებს, უნდა რომ შენი ნამუშევარი ჰქონდეს, მისი თანამონაწილე გახდეს და სახლში დაიკიდოს. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია ჩემთვის. ყოველთვის გინდა, რომ ვიღაცამ იყიდოს, მაგრამ  როცა უკვე მიაქვთ ნახატი, რაღაც ამბავში მაინც გული მწყდება (იცინის) რატომ წაიღო?! რატომ მივეცი?! მაგრამ მაინც,  რაც უფრო მეტი ადამიანის იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო გამიხარდება.

რომელიმე პერსონაჟთან თუ აიგივებ საკუთარ თავს?
გიფიქრიათ რომელიმეზე, რომ აი ეს მე ვარ?

ეს მე ვარ, (ერთ-ერთ ნახატზე მიმითითებს) „არ ვიცი რა ვთქვა“ იმიტომ , რომ ამ ნახატს ახლავს ცოტა სევდიანი ისტორიაც. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ მისი პორტრეტი დამეხატა. მე პორტრეტებთან ცოტა ვერ ვარ კარგ დამოკიდებულებაში. ვთვლი, რომ არ გამომდის. ყოველთვის ვერიდებოდი, ვეუბნებოდი მერე დაგხატავ მეთქი. მოხდა ისე, რომ ისე წავიდა ვერ დავხატე. მერე გამიჩნდა სურვილი თუნდაც ფოტოდან დამეხატა მისი პორტრეტი. ისევ უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა და  აქედან გამომდინარე, შეიქმნა ეს ნახატი, რომელსაც დავარქვი „არ ვიცი რა ვთქვა“.

როგორ შეიქმნა „მარკოზის სახარების“ ილუსტრაციები?

როგორ გითხრათ ეს იდეაც უცებ გაჩნდა.  ძველი ასომთავრული ანბანის მიმართ გამიჩნდა ინტერესი, შევისწავლე  თავიდან ბოლომდე და მინდოდა ეს რაღაცაში გამომეყენებინა და სპონტანურად გაჩნდა იდეა „გამეკეთებინა“ სახარება. მარკოზის სახარება არის ყველა მოკლე სახარებათა შორის, ჰოდა ჩემს თავს ვუთხარი „მოდი ვცადოთ და თუ ეს პატარა გამოვიდა გავაკეთოთ მერე სხვებიც“( იღიმის) და აი გავაკეთე. რამდენად კარგი გამოვიდა, არ ვიცი, ამას მნახველი შეაფასებს. თუმცა სასულიერო პირებისგან წამოვიდა უარყოფითი დამოკიდებულება, ყველა ამბობდა, რომ ეს არ არის კანონიკური, არ არის ხატწერა, ან „რატომ აკეთებ, მოდი ჯერ ხატწერა ისწავლე  და მერე გააკეთე“. შეიძლება ისინი თავის მხრივ მართლები არიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ნახატი ხატწერისგან განსხვავებულია, ამიტომ  მე მათ ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება ამათი ერთ კონტექსტში მოთავსება. ხატწერა  ითვალისწინებს თავის ფერთა გამას, კანონებს. მხატვარი ამ   შემთხვევაში უფრო თავისუფალია და უფრო მეტი ფანტაზიის უნარი აქვს, არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, თუნდაც რომელიმე სცენის გამოსახვის დროს . ეს იქნება „ამაღლება“ თუ „ხარება“.  ძალიან ბევრ მხატვარს აქვს დახატული იგივე „ხარება“,“ ჯვარცმაც“ მთლიანი კანონიკა რა თქმა უნდა არის დაცული, როგორც იმათთან ასევე ჩემთან, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ 10559134_10152531554269779_771660363_nის ნახატები, რომლებიც ტილოზეა შესრულებული, არ შეიძლება მიიტანო და დაკიდო რომელიმე ტაძარში ხატად. მე ეკლესიის მოხატვას არ ვგულისხმობ, ის სულ სხვა ტიპის თემატიკაა, სხვა სფეროა და კიდევ ცალკე საკითხია. მე გამაკვირვა ამ დამოკიდებულებამ ეკლესიის პირთა მხრიდან, მაგრამ  რადგან გაჩნდა, უკვე ვერიდები ამ თემაზე მათთან საუბარს. ახლა „იოანეს სახარებაზე“ ვმუშაობ უკვე  დაახლოებით ორი წელია და ნახევარიც არ მაქვს გაკეთებული. საინტერესო პროცესია, მაგრამ დამღლელი. „მარკოზის სახარების“ შემთხვევაში ჩემი მიზანი იყო გარკვეულ პერიოდში დამემთავრებინა სამუშაო, ამიტომ ვთვლი, საბოლოოდ ის შედეგი ვერ მივიღე, რომელიც უნდა მიმეღო. ახლა ვფრთხილობ და არც დროში ვზღუდავ თავს.

როგორ იქმნებოდნენ თქვენი ანიმაციის გმირები?

ეს იდეაც  სპონტანურად გაჩნდა. ჩემს შემთხვევაში ყველა იდეა, აქამდე რაც განხორციელებულა სპონტანურად იბადებოდა, უცბად, რაღაც ფიგურა გამოვძერწე თამაშ-თამაშით და მერე მომინდა მისი „გაცოცხლება“. გაგიკვირდებათ და რამდენიმე ანიმაცია მობილური ტელეფონით მაქვს გადაღებული. ეს ნამუშევარსაც ეტყობა, ბევრი ხარვეზია. ხანდახან  ეტყობა ფიგურა როგორ იმტვრევა, ჭუჭყი ეტყობა. ახლა მინდა, რომ ცოტა რაღაც სერიოზული გავაკეთო და ვეძებ ჯგუფს, რომელიც დმეხმარება ამ ყველაფრის განხორციელებაში.

იყო კრიტიკა? როგორ რეაგირებთ მასზე?

ზოგადად იყო, კი. ვრეაგირებ იმ დონეზე, როგორც  უნდა ვრეაგირებდე. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, უარყოფითი შეფასება გულში მაინც გრჩება, გღრღნის და მუდმივად თავს გახსენებს. გეუბნებიან  იმასთან ის ფერი არ უნდა გეხმარა.  შენ კი ფიქრობ, რატომაც არა?!  მე ხომ თავისუფალი ვარ, მაგრამ მერე მაინც ითვალისწინებ და ხვდები ბოლოს, რომ ის კრიტიკა სიმართლესთან ახლოს  ყოფილა. იმასაც ხომ  გააჩნია ვინ გაკრიტიკებს?! თუ ამას აკეთებს  ადამიანი ვინც იცის ეს სფერო, მისაღებია, მაგრამ თუ კრიტიკა ისეთი ადამიანისგან მოდის, ვინც ამაში ვერ ერკვევა, მისი შეფასება უბრალოდ ღიმილს იწვევს.


1487438_872080656159449_6729126223160191069_nქართველი მხატვრებიდან ვის გამოარჩევთ?

ქართველი მხატვრებიდან ფარჯიანს გამოვარჩევ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი  სერიოზული მხატვარია, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. თუმცა არის კიდევ მხატვრები  უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე ძალიან ვაფასებ.

ძლიერი ზემოქმედების წყარო.

ესეც ინდივიდუალური მომენტია. მაგალითად , დავინახე მიუსაფარი ძაღლი, რომელიც ქუჩაში წევს და დახმარება სჭირდება. ამ სურათმა შეიძლება ჩემზე ისე იმოქმედოს, რომ ნახატის შექმნა მომინდეს და ასე გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა. ან შეიძლება ძალიან ლამაზი გოგონა დავინახო და დავხატო ახალი გმირი, ასევე შეიძლება ნაწარმოები წავიკითხო და იქიდან გმირის შექმნის იდეა გაჩნდეს.

გინანიათ რამე?

მინანია. იყო პერიოდი, როდესაც გაჩერებული ვიყავი. 10-12 წელიწადი მე საერთოდ არ მიხატია, იმიტომ, რომ როცა ჩავაბარე აკადემიაში, მინდოდა სარეკლამო პოსტერები მეხატა.  სამწუხაროდ, ეს ნახატი პოსტერები არსად არ არის ხმარებაში და არც მოთხოვნაა მათზე. როცა სარეკლამო კომპანიაში მუშაობა დავიწყე, ტექნიკურმა საკითხებმა  ძალიან შემზღუდა და  დამაშორა იმას, რასაც ვაკეთებდი მანამდე. მერე უბრალოდ შევხვდი ადამიანს, რომელთან ურთიერთობის და განშორების  შედეგად, რაღაც ძალამ   გამიხსნა ეს კარი. მითხრა:“შენ გაქვს შენი საქმე,  მოდი ახლა და ეს აკეთე“ .

როგორ გარემოში გიყვართ მუშაობა ?

მუშაობის  დროს უნდა იყოს აბსოლუტური სიჩუმე, აი ზოგი ხო არის, რომ მუშაობს მუსიკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეული ხმაური ხელს იმდენად არ მიშლის, მაინც მირჩევნია ვიმუშაო წყნარ გარემოში, რომელიც სრულ კონცენტრირებაში მეხმარება.

თვლით, რომ იპოვეთ საკუთარი სტილი, თუ ისევ ძიების პროცესში ხართ?

შემოქმედი  ადამიანი მუდმივად ძიების პროცეში უნდა იყოს. არამგონია ნამდვილმა შემოქმედმა თქვას, მორჩა, მივაღწიე მთავარს და ახლა უნდა გავჩერდე, ან ამის ირგვლივ ვიტრიალო. ყოველთვის არის რაღაც, რომელიც გიბიძგებს ახლისკენ. ვიპოვე თუ არა საკუთარი სტილი? არ ვიცი.  ჯერჯერობით მე ამ სტილში ვმუშაობ, შესაძლოა ხვალ ახალი მიმართულება გაჩნდეს

10805382_10152531554264779_682583374_nსიყვარული. როგორია შეყვარებული მიშა?!

შეყვარებული მიშა არის ძალიან კარგი. უბრალოდ ის ძალიან იშვიათად არის შეყვარებული (იცინის) ანუ იმისთვის, რომ მიშა იყოს შეყვარებული, გარკვეული ნაპერწკალი სჭირდება. ყოფილა ისტორიები, რომლებიც კარგად არ დასრულებულა, მაგრამ შემოქმედებაზე დადებითად უმოქმედია.

შემოქმედებითი ოცნება…

ძალიან მინდა ცოტა ხნით გავიდე საქართველოდან, თუნდაც რაღაც ერთი წლით, სადმე სხვა ქვეყანაში. მინდა დავათვალიერო ევროპის წამყვანი მუზეუმები. ვნახო დიდი მხატვრების ნამუშევრები. ორიგინალების  ნახვას  სხვა განცდა მოაქვს, სხვა ემოცია. სულ სხვანაირად აღიქვამ ფერს. იქ უკვე შეხება გაქვს ცოცხალ ქმნილებასთან. დგახარ და ის შენ გელაპარაკება, გატყვევებს. შეიძლება ისე დაგაჰიპნოზოს, რომ ვერ გაინძრე ადგილიდან. გამიგია, რომ ხდება ასეთი რაღაც და მინდა პირადად განვიცადო.

რომელ ცნობილ მხატვარს მიებარებოდით მოწაფედ? გაიხსენეთ თქვენი პედაგოგები.

იმ ეპოქაში რომ მეცხოვრა-მოდილიანს, იმიტომ, რომ მისი შემოქმედება ძალიან ახლობელია ჩემთვის. პედაგოგებს რაც შეეხება, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. გამოვყოფდი სამ მათგანს . ჯერ ოთარ არჩვაზე, რომელთანაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვსწავლობდი და რომელმაც   მხატვრობის ანბანი მასწავლა. ბატონი ოთარის შემდეგ იყვნენ  გია  გორდეზიანი და ყარამან ქუთათელაძე, რომლებმაც დიდი წვლილი შეტანეს ჩემს მხატვრად ჩამოყალიბებაში. სწორედ მათ სახელოსნოში გავიარე დიდი სკოლა. მუშაობის პროცესში ძალიან ხშირად ვიყენებ  მათ რჩევებს, ვფიქრობ, რას იტყოდნენ ისინი ჩემს ნამუშევარზე. ბევრჯერ გადამიდგამს თამამი ნაბიჯი, მაგრამ მერე  მაინც გამითვალისწინებია მათი შეხედულება, აზრი.

როგორ ფიქრობთ, ხატვა პროფესიაა?

10807068_10152531554244779_1664533443_nხატვა მარტო პროფესია არ არის. შინაგანად უნდა გქონდეს ეს განცდა. არსებობენ მხატვრები, რომლებიც ხატავენ ერთი და იგივე რაღაცას და ამით ირჩენენ თავს, რადგან ასეთ ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ხდება, რომ ადამიანი ხატავს რაღაცას, რომელიც ადვილად არ იყიდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს უფრო ღირებულია, ვიდრე ათასჯერ გადახატული. მხატვრობა არის უფრო საკუთარ შინაგან სამყაროში ყოფნა და მისი გადმოცემა ფერებით. ჩვენს ქვეყანაში მხატვრის პროფესია იმდენად დაფასებული არ არის, რომ ადამიანმა ამით თავი ირჩინოს. ხანდახან მინდა წამოვიდე, მივატოვო ის საქმიანობა, რასაც სარეკლამო კომპანიაში ვეწევი და მთელი ჩემი დრო და ენერგია მხატვრობას მივუძღვნა, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ თუ არ ხარ პოპულარული, გიწევს სხვა საქმეების კეთებაც, რათა წახვიდე და იგივე ფუნჯი და საღებავები იყიდო.

შეცვლიდით თუ არა რამეს თქვენს განვლილ ცხოვრებაში?

კი, შევცვლიდი იმ დაკარგულ 10 წელიწადს, ცოტა სხვანაირს გავხდიდი. დავკარგე დრო . ის ათი წელი მე რომ სხვანაირად მემოქმედა, დღეს სხვა სურათი იქნებოდა.

გაქვთ  თუ არა სამომავლო გეგმები?

რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიით გამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ თოჯინების თეატრს უჭირს და თეატრის გადარჩენა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მე დავუკავშირდი ამ ადამიანს და ჩემის მხრივ შევთავაზე დახმარება.  გამიჩნდა იდეა, რომ გავაკეთო სოციალური ვიდეორგოლი თოჯინების თეატრის მხარდასაჭერად.  ეს იქნება პატარა ანიმაციური ფილმი,  რომელიც გავა სოციალურ ქსელში. იმედი მაქვს, რომ ამ რეკლამის გასვლის შემდეგ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესდებიან თოჯინების თეატრის ბედით და გარკვეულ წვლილს შეიტანენ მის გადარჩენაში. თუმცა რამდენად გამომივა ეს არ ვიცი.

ირმა მირზაშვილი

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=F4d2dLgPOQM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები