„განსხვავებული სასმისი თუ გვიყვარს, აზრსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“…

„არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით…“ – „ნახცო“.

 – გაგა ნახუცრიშვილის ერთი სამუშაო დღე…
– 
სამუშაო დღეს არასოდეს ვგეგმავ. თავს კარგად ვგრძნობ, როცა ვწერ ან ახალგაზრდებთან ლექციას ვკითხულობ. დაგეგმილი სამუშაო დღით ცხოვრება რომ მდომებოდა, რამე სხვა სარფიან პროფესიას ავირჩევდი, მაგრამ ჩემი საქმე თავად გირჩევს და მერე, ვერსად გაექცევი.
– როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა?
– 
ღრმა ბავშვობაში დაიწყო ერთი ზღაპრით, რომელიც თავად დავასურათე, თუმცა იმ „ნაშრომს“ ტექსტი და ნახატი ძნელად ეთქმის. მაშინ, საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავს შემოქმედებითი გზა. ამიტომ წერა არც სახელისთვის  და არც გამორჩენისთვის არ დამიწყია. ჩემთან ყველაფერი თავისთავად მოხდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
– თუ გიწევთ საკუთარ თავთან ბრძოლა და რის გამო?
– 
მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ვებრძვი, რის გამო აღარ… საკუთარ თავთან ომი  ყველაზე მძიმე ომია. არ მიყვარს ჩემი ლექსების ციტირება, მაგრამ ერთგან ასე ვწერ, „თავთან მარცხი, ცხოვრებასთან ფრე“, ასეთი მარცხი კი ყველაზე სახიფათოა.
– ამბობენ, პოეზიამ მკითხველთან კონტაქტი დაკარგა10807954_762439040471817_1860594550_n
– 
პოეზია  მკითხველთან კონტაქტს არასდროს დაკარგავს. რაც თავი მახსოვს, ასე ამბობენ, მაგრამ სხვაგვარად კი ხდება. პოეზია დროსა და სივრცეში ყოველთვის ჩვენთან ერთად მოძრაობს. უბრალოდ, ხანდახან საზოგადოება ნაკლებად ამჩნევს. ამით კი საზოგადოება ზარალდება და არა პოეზია.
– საიდან მოდინამდვილი პოეზია?
– 
ნამდვილი პოეტებისგან. ისე, პოეტი თუ ხარ, ნამდვილიც იქნები, თორემ ცრუ პოეტების მეტი რა არის.  არც ნაძალადევად გარითმული ლექსია პოეზია და არც ნაკეთები ვერლიბრი.  ლექსი დიდი შრომით იქმნება, უძილო თეთრი ღამეებით და ხშირად შავი დღეებითაც.
კრიტიკა საქართველოში…
– 
ძალიან დაბალ დონეზეა. თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, რაც სამხრეთული მენტალიტეტიდან და საბჭოურ-ტოტალიტარული სისტემის გავლენიდან გამომდინარეობს. მაგრამ ისევ გამოჩნდნენ საინტერესო კრიტიკოსები, რომლებიც ლიტერატურის ფილოსოფიურ აღქმას და კრიტიკულ აზროვნებას ამკვიდრებენ.
– ყველაზე საინტერესო ლიტერატურული კონკურსი?
– 
ჯერჯერობით „საბა“.
– ქართული საზოგადოება, როგორც მკითხველი…
– 
ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ბევრი არ კითხულობს. ეს ნაწილობრივ დრომაც მოიტანა, მაგრამ ყველაფერს დროს ნუ დავაბრალებთ. ლიტერატურულ „ტუსოვკებზე“ ტევა არ არის, თუმცა წიგნის მაღაზიებში ისევ სიხალვათეა. წიგნის კითხვის ტრადიცია კი ყოველთვის გვქონდა. აბა, როგორ შემოგვინახავდნენ გადამწერები „ვეფხისტყაოსანს“.
– პოეზია და მუსიკა (ძალიან აქტუალურია თქვენი პოეზიის და გიგა მიქაბერიძის მუსიკის ერთიანობა…)
– 
პოეზიას თავის მუსიკა აქვს. სიმღერის ტექსტი კი მაინც სხვა არის. თუმცა მადლობა გიგას, რომ ჩემი პოეზიით დაინტერესდა.
– „არა, მეგობარო!“ – დღესაც ასე ფიქრობთ?
– 
ბევრი რამ შეიცვალა?! ისე, ნეტავ ეს ლექსი არ დამეწერა და ბიჭები ცოცხლები ყოფილიყვნენ. ,,არა, მეგობარო!“ ხომ ჩემი ბავშვობის მეგობრის ხსოვნას ეძღვნება.
– მინდა რომ.. .
– 
სტრესით და აგრესიით გაჯერებულ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრო. ყველას ერთმანეთი ვერ ეყვარება. ეს ხომ უტოპიური ფარსია, მაგრამ ასეთი სიძულვილით ცხოვრება საშინელებაა. ბოლოსდაბოლოს ერთმანეთის ატანა მაინც უნდა შევძლოთ. განსხვავებული სასმისი თუ გვიყვარს, აზრსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები