ობამა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიას გადახედავს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიის გადახედვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, წინა კვირას თეთრ სახლში ობამას საგარეო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების 4 შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთს თავად პრეზიდენტი ატარებდა. შეხვედრის შედეგად, ობამამ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. „სი-ენ-ენის“ მტკიცებით, ეს იმიტომ მოხდა, რადგან ვაშინგტონში გააცნობიერეს, რომ „ბოევიკებს“ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან გადაყენების გარეშე ვერ დაამარცხებენ. „სტრატეგიის გადახედვის გადაწყვეტილება თავისი არსით იმ ფაქტის აღიარებაა, რომ თავდაპირველი ტაქტიკა, რომელიც ერაყში, შემდეგ კი სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ითვალისწინებდა, ასადის ხელისუფლებიდან გადაყენების გარეშე არასწორი იყო“, – აცხადებს „სი-ენ-ენი“. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელება ერაყში 8 აგვისტოდან, სირიაში კი 23 სექტემბრიდან დაიწყო. ერაყში, აშშ-ს საჰაერო ძალებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობენ: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ბელგიის, დანიის და ნიდერლანდების თვითმფრინავები, სირიაში კი – საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, იორდანიის და ბახრეინის თვითმფრინავები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები