აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თავზე საჰაერო სივრცე დახურა
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცეში ფრენები აკრძალა. შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც კონფლიქტის ზონაში ყარაბაღის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ოკუპირებული ტერიტორიების თავზე საჰაერო სივრცეს ფრენებისთვის აზერბაიჯანი დახურულად აცხადებს. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრია გაფრთხილებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის საბრძოლო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდო. ინციდენტი აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის საზღვრის აღმოსავლეთი მონაკვეთის თავზე მოხდა. ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, – აღნიშნულია განცხადებაში.