ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებით

 

   ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. ეს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გავრცელდა.
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, საუბარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების გამო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.
სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. ევროსაბჭო რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს განაგრძობს, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგებს უკავშირდება და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას ახდენს.
მე-10 ანგარიშში გენერალური მდივანი სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის ფედერაციას და დე ფაქტო აფხაზეთს შორის მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დოკუმენტი დადებითად შეაფასეს. გამომსვლელთაგან, გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობაში მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ შეიტანა ეჭვი.
სხდომაზე ასევე სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები