ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვივნენ, რათა უნეტარეს თეოფილე III-ისთვის ინტრონიზაციის 20 წლისთავი მიელოცათ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვივნენ, რათა უნეტარეს თეოფილე III-ისთვის ინტრონიზაციის 20 წლისთავი კიდევ ერთხელ მიელოცათ და დაესახათ გეგმები ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ისინი 26 ნოემბერს შეხვდნენ წმ. ქალაქ იერუსალიმის და პალესტინის პატრიარქს და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი წერილი და საუკეთესო სურვილები გადასცეს.
მისმა უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გამოთქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
მიღებას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ბატონი ზაზა კანდელაკი.
საქართველოს ეკლესიის წარგზავნილნი დღეს, 27 ნოემბერს, მონაწილეობას მიიღებენ ღამისთევის წირვაში, რომელიც გოლგოთაზე აღევლინება და შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს, 28 ნოემბერს კი თბილისში დაბრუნდებიან”, – წერია ინფორმაციაში.