ინოვაციური ტექნოლოგიები, უახლესი პროდუქტები და თანამედროვე გადაწყვეტილებები — Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 იწყება
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 „ექსპოჯორჯიაში“ ხვალ, 28 ნოემბერს, 11:30-დან დაიწყება. ღონისძიება წელსაც ერთ სივრცეში მოუყრის თავს სოფლის მეურნეობის დარგის მოწინავე კომპანიებს და იმ მომხმარებლებს, რომელთაც მათი პროდუქტი სჭირდებათ. უკვე 23 წელია, Agro/Food/Drink/Tech/Expo ყოველ წელიწადს „ექსპოჯორჯიაში“ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებითვე ტარდება.
წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია, უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები, ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები, ეფექტური სარწყავი სისტემები; სარგავი თუ სათესლე მასალები.
„წარმოდგენილი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ფერმერები, მსხვილი თუ მცირე ზომის აგრობიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც გამოფენას ესტუმრებიან, აუცილებლად აღმოაჩენენ თავიანთთვის საინტერესო სიახლესა და პროდუქტს, რადგან გამოფენაში მონაწილე კომპანიები ყველა მიმართულებით არიან წარმოდგენილნი.

რაც შეეხება მონაწილეებს, ვფიქრობ, ღონისძიება წარმატებული იქნება ბიზნესის მიმართულებით, როგორც გაყიდვების ხელშეწყობის, ისე ახალი კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორების პოვნის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025-ში არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კომპანიებიც მონაწილეობენ. საერთაშორისო კომპანიებს, ძირითადად, 2 რამ აინტერესებთ: პირველ რიგში, მათ საქართველოში პარტნიორის პოვნა სურთ, მეორე მხრივ კი, გაყიდვების ხელშეწყობას ცდილობენ, რაშიც მათ გამოფენა დაეხმარება,“ — აღნიშნავს „ექსპოჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი.
გასული წლების განმავლობაში, გამოფენის მონაწილე კომპანიებს შორის არაერთი თანამშრომლობა შედგა და არაერთი მსხვილი ხელშეკრულება დაიდო. ამაზე საუკეთესოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღონისძიება უკვე 23-ედ ტარდება. წელს მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ახალი კომპანიები, არამედ ისინიც, ვინც წინა გამოფენებზეც იყვნენ წარმოდგენილნი.
მაგალითად, გამოფენაში რეგულარულად მონაწილეობს „GMC motors“, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, საქართველოში ოპერირებს და ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა. ის მომხმარებელს პროდუქტებისა და სერვისების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ანა იაკობაშვილი განმარტავს, Agro/Food/Drink/Tech/Expo „GMC motors-ს“ მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციასა და მათ ინფორმირებაში ეხმარება.
„ჩვენი კომპანია ქართულია და საქართველოში უცხოური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. გამოფენაში რამდენიმე წელია, აქტიურად ვმონაწილეობთ, რისი წყალობითაც, ძალიან კარგად შევძელით მომხმარებლებისთვის ინოვაციური ტექნიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. წინა გამოფენაზე საკმაოდ ახლოს გავეცანით ჩვენს მომხმარებლებს და წლევანდელი ღონისძიების მიმართაც დადებითი განწყობები გვაქვს. „ექსპო ჯორჯიაში“ სტუმრებს დახვდებათ ჩვენი ინჟინერიც, რომელიც ჩვენ მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ ახალი, მეოთხე თაობის, მთლიანად ავტომატიზებული ტექნიკის შესახებ ყველა კითხვას უპასუხებს.

ზოგადად, ფერმერებს ძალიან სჭირდებათ სანდო პარტნიორი, რომელიც ყველაფერს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფს. იქნება ეს ტექნიკის გაყიდვა, სასუქის შეთავაზება თუ შემდგომ პროცესებში დახმარება. ჩვენ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში ვთავაზობთ.
ეს არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აგრეგატები, მისაბმელები, ნაწილები, ორიგინალი და სრული სერვისული მომსახურება როგორც ადგილზე, ისე — სერვისმობილებით. ჩვენი ფილიალები თითქმის ყველა ცენტრალურ რეგიონშია განთავსებული, რაც სერვისის უმაღლეს დონესა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ასევე, გვაქვს სასუქები, მომხმარებლებს ვუწევთ აგროკონსულტაციებს… გამოფენაზე აბსოლუტურად ყველაფერს წარვადგენთ, მათ შორის, ტრაქტორებს, რომელთა სიმძლავრეც 25-დან 260 ცხ.ძ.-მდე აღწევს,“ — ამბობს ანა იაკობაშვილი.
Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025-ში მონაწილე კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველოში უცხოურ მოწინავე კომპანიებს და უკვე დიდი ხანია, თავადაც ინოვაციებით გამოირჩევა, „აგრონოვაა“. ის სოფლის მეურნეობის სექტორში 2003 წლიდან ოპერირებს და სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზეც არაერთხელ ყოფილა. როგორც „აგრონოვას“ მმართველი პარტნიორი მიხეილ გაბუნია აღნიშნავს, Agro/Food/Drink/Tech/Expo-ს ფარგლებში, ერთმანეთს ხვდებიან ნოვატორი კომპანიები და ის მომხმარებლები, რომლებიც ინოვაციების მიმართ ყველაზე მეტად არიან გახსნილი.
„ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ Agro/Food/Drink/Tech/Expo იძლევა საშუალებას, ნოვატორი შეხვდეს ე.წ. Early Adopter-ს, ანუ იმ მომხმარებელს, რომელიც ინოვაციების მიმართ გახსნილია და პირველი შესაძლებლობისთანავე სურს მისი გამოცდა. სწორედ ამ კოლაბორაციის შედეგად ხდება ამ ინოვაციების გავრცელება ფართო საზოგადოებაში.

ზოგადად, „აგრონოვა“ ყოველთვის ინოვაციებზეა ორიენტირებული. მაგალითად, სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ საქართველოში წვეთოვანი ირიგაციის სისტემა. ასევე, 2015 წელს გავხსენით პირველი წვეთოვანი ირიგაციის მწარმოებელი საწარმო საქართველოში. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების 25%-ში ჩვენ მიერ შესრულებული საირიგაციო სისტემებია.
გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება პროფესიონალი ფერმერებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის ჰიბრიდული სათესლე მასალებია,“ — აცხადებს მიხეილ გაბუნია.
გამოფენა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც აგროინდუსტრიის ყველაზე მწვავე და საინტერესო საკითხები განიხილება, მეორე დღე კი, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების პრეზენტაციებს დაეთმობა, რომლებიც საკონდიტრო წარმოების ინოვაციებს, პლასტიკური შეფუთვების მდგრადი წარმოების გადაწყვეტილებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს მოიცავს.
გამოფენაზე დასასწრებად წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია აუცილებელია.