შიდა ქართლში, ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან გაიწმინდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ძველი მაგისტრალური არხის მოწესრიგება დაასრულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავდა ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდას დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დაახლოებით 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს. მოწესრიგებული საირიგაციო არხით გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – მეჯვრისხევის, ზერტისა და კვარხითის მოსახლეობა ისარგებლებს.
სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.
დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.