მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მცხეთა-მთიანეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან, რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან კახაბერ ჩიტაურთან, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან კობა გელაძესთან ერთად, სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ გოგოლიძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ობიექტების მუშაობის პროცესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

„სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედი ნაგავსაყრელები შესაბამისი ნორმების დაცვით ოპერირებს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, ერთი მხრივ, აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოქმედი ნაგავსაყრელები ფუნქციონირებდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამართულად, მეორე მხრივ, ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ უახლოეს მომავალში ახალი, საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე ობიექტებით ჩავანაცვლოთ ძველი ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობას შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, უკეთესი საცხოვრებელი პირობები და მომსახურება გავხადოთ მაღალი ხარისხის“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

სოფელ დაბა სტეფანწმინდაში არსებული ნაგავსაყრელის ფართობი 21 ათას კვადრატულ მეტრზე მოიცავს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ემსახურება, ხოლო დაბა დუშეთში მდებარე ნაგავსაყრელზე, რომლის ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდეა, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებიდან შედის ნარჩენი. ორივე ობიექტზე შეტანილი მუნიციპალური ნარჩენები სპეციალური ტექნიკით იპრესება და მიწის საფარით იფარება. ნაგავსაყრელებზე 24 საათანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს, შემოღობილია და დაცულია გარეშე პირებისგან და შინაური ცხოველებისგან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები