ალიონა ჩხოტუა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგა
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
,,მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის ძირითადი შედეგები, პროგრამების ეფექტიანობა, ბიუჯეტის ათვისების მიზნობრიობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ალიონა ჩხოტუამ ყურადღება გაამახვილა ბენეფიციარებზე ორიენტირებულ მიდგომებზე, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციებზე და სამინისტროს საქმიანობის სამომავლო ხედვაზე.
უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდულ მიმართულებასაც და აღნიშნა, რომ სამინისტროს პროექტების უმეტესობა ახალგაზრდების ფართო ჩართულობაზეა ორიენტირებული”,- წერია ინფორმაციაში.