„ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

28–29 ნოემბერს „ექსპოჯორჯია“ რეგიონული აგროინდუსტრიის მთავარ საკომუნიკაციო სივრცედ კიდევ ერთხელ გადაიქცევა. საგამოფენო ცენტრი სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025-ს უმასპინძლებს.

მრავალწლიანი ტრადიციის მქონე გამოფენა წელს უკვე 23-ედ ტარდება. ღონისძიებაში 6 სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არიან მწარმოებლები, დისტრიბუტორები, ტექნოლოგიური სტარტაპები და სექტორის მოწინავე წარმომადგენლები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია, უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები, ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები, ეფექტური სარწყავი სისტემები, სარგავი და სათესლე მასალები.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მხოლოდ უახლესი პროდუქციის გასაცნობად, არამედ ურთიერთთანამშრომლობის კუთხითაც. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ საქმიანობასა და ზოგადად, აგროსექტორს ინტენსიურ განვითარებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, გამოფენის პირველ დღეს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც აგროინდუსტრიის ყველაზე მწვავე და საინტერესო საკითხები განიხილება, მაგალითად:  მწვანე ტრანსფორმაცია სოფლის მეურნეობაში; აკვაკულტურის მნიშვნელობა; მწვანე ქალაქები; FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) საქმიანობა და სხვა.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება დარგის წამყვანი კომპანიების ტექნიკური სესიები და თანამედროვე აგროსამეცნიერო მიდგომები.

მომდევნო დღეს სტუმრებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების პრეზენტაციები ელოდებათ
საკონდიტრო წარმოების ინოვაციების, პლასტიკური შეფუთვების მდგრადი წარმოების გადაწყვეტილებებისა თუ სხვა საინტერესო და აქტუალური საკითხების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე დასასწრებად წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია აუცილებელია. გამოფენა ღია იქნება 28 და 29 ნოემბერს, 11:00-დან 18:00-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები