პაატა კვიჟინაძე – საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მდგრადია, რაც ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიმართვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ დადებითად შეაფასა.
სებ-ის პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოზე, საბანკო სექტორის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობაზე გააკეთა.
პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არსებული ეკონომიკური სიტუაცია, შესაძლო რისკები, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები ამომწურავად წარმოადგინა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მდგრადია, რაც ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველია. კვიჟინაძემ ხაზი გაუსვა ლარის სიმყარისა და მაღალი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობას.
„საბანკო სექტორი არის სტაბილური, ლარის კურსი კი მყარი. წელს ეროვნულმა ბანკმა 1.8 მილიარდი დოლარი შეისყიდა და საერთაშორისო რეზერვებმა 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია,“ — განაცხადა მან.
პაატა კვიჟინაძემ ინფლაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი მიზნობრივ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. მან განმარტა, რომ ინფლაცია წინა წლებში უფრო დაბალი იყო, წელს კი ოდნავ გაიზარდა, თუმცა პროგნოზის მიხედვით გაზაფხულისთვის შემცირდება და წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-ს მიაღწევს
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებას მხარი დაუჭირა და პარლამენტის წევრებსაც იმავე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, წარმოდგენილი ანალიზი სანდო, რეალისტური და მაღალპროფესიული იყო, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მან ასევე დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის კომუნიკაციისა და წინასწარი ანალიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რაც ზრდის მონეტარული პოლიტიკის სანდოობას და ხელს უწყობს პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს გამჭვირვალე კომუნიკაციას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან მართვასა და იმ ნაბიჯების გეგმიურ განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ფასების სტაბილურობის დაცვასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.