გია ჭუბაბრიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს
“გუშინ, 24 ნოემბერს საქართველო გამოეთხოვა ცნობილ რეჟისორს, სცენარისტსა და ოპერატორს, ნიჭიერ კინოდოკუმენტალისტსა და შესანიშნავ პიროვნებას, ბატონ გია (გიორგი) ჭუბაბრიას”, – ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
“მან არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, საქართველოსთან დაკავშირებულ საზღვარგარეთის ცხოვრებას, ასევე, საეკლესიო შინაარსის შემცველ თემატიკას.
ოთხი წლის წინ მას ვაჟი, – კახა (წარმატებული ქირურგი) გარდაეცვალა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ეს მას ვერ გაუმხილეს. ახლა შეხვდებიან ერთმანეთს…
აღვავლენთ ლოცვებს გია-გიორგის, მისი მეუღლის, ქალბატონ ლეილას და შვილის, ბატონი კახა-კახაბერის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი, ხოლო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.