,,წინ და წინ – ფინანსობანა“ – სებ-ის ინიციატივით ფინანსურ განათლებაზე პირველი ქართული ინტერაქტიული საბავშვო სპექტაკლი შეიქმნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით, კომპანია „თამაშობასთან“ თანამშრომლობით, საქართველოს პირველი ინტერაქტიული საბავშვო სპექტაკლი ფინანსებზე „წინ და წინ – ფინანსობანა“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მხარდასაჭერად რამდენიმე კომერციული ბანკი – ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ბაზისბანკი გაერთიანდა.

,,თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

ინტერაქტიული სპექტაკლის ჩვენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენები გაიმართება ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ბორჯომში. ღონისძიებას დაესწრებიან ის სკოლები, რომელთა პედაგოგებიც 2025 წელს ფინედუს პროექტებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს პირველივე დღეებში 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილე ბავშვების და მასწავლებლების შეფასებით, ინტერაქტიული ფორმატი სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს, მარტივს და კომპაქტურს ხდის. მიმდინარე გასტროლების ფარგლებში სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა 8-დან 12 წლამდე ასაკის 700-მდე მოსწავლეს მიეცემა.

ფინედუს ფინანსური განათლების პოპულარიზაციას უკვე რამდენიმე წელია ინოვაციური ფორმებით ახორციელებს. „თამაშობანასთან“ ერთად შექმნილია საგანმანათლებლო კომიქსები, სამაგიდე თამაშები, მათ შორის „ფინანსური ასოციაციობანა“, და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული საგაკვეთილო მასალები – კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.

სპექტაკლზე მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს დამატებით თემატური სასწავლო რესურსებიც გადაეცათ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სკოლებში ფინანსური განათლების პროცესის მდგრად გაგრძელებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები