ილია ll-ის ლოცვა-კურთხევით, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ბ-ნი ზურაბ პატარაძე, გენერალური კონსული ქალაქ განჯაში ბ-ნი კახაბერ აბდალაძე და საელჩოს წარმომადგენლები.

მღვდელმთავარმა ადგილობრივებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა, დღესასწაული მიულოცა და თბილი მიღებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ მრევლთან ერთად მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც წელს გამორჩეული ხალხმრავლობა იყო.

მსახურების შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე გაესაუბრა ჰერელებს, რომელთაც დიდი სიხარული გამოხატეს საქართველოდან დელეგაციის ჩასვლის გამო.

ჩვენს დელეგაციას დახვდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ელვინ ფაშაევი და მისი მოადგილე, ელბრუს თაღიევი, აგრეთვე რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ილგარ ველიევი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა აღნიშნული ვიზიტი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები