ზაალ ანჯაფარიძე: დოროთე ყურაშვილის და მისი დაჯგუფების არენაზე გამოყვანა არის დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის წინააღმდეგ

“დოროთე ყურაშვილის და მასთან შეამხანაგებული რამდენიმე მღვდლის მეშვეობით არის მცდელობა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააჩინონ განხეთქილება, რომელიც შემდეგ გადაედება მრევლს და ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გამოიწვევს ჩვენი საზოგადოებისთვის უკიდურესად უარყოფით პროცესებს. ამას გარდა, დოროთე ყურაშვილი და მისი დაჯგუფება აშკარად ცდილობენ ეკლესია რამენაირად პოლიტიკაში გარიონ,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ეკლესია, როგორც რელიგიური და ამავე დროს, სოციალურ-კულტურული ინსტიტუტი, ვალდებულია, დაეხმაროს სახელმწიფოს და ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების მეშვეობით, ზიანი არ უნდა მიაყენოს მას. რაც შეეხება დოროთე ყურაშვილის გააქტიურებას, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს პოლიტტექნოლოგების რჩევაც იყოს.

„ჯერ კიდევ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ჩამოცილება ბეთლემის ეკლესიის წინამძღვრობიდან და რიგით მღვდლად გამწესება, იყო პატრიარქის ის გადაწყვეტილება, რის მიღებასაც მას თავად დოროთე ყურაშვილი აიძულებდა თავის ქმედებებით. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა უფრო მწვავე და სერიოზულია. დოროთე ყურაშვილის და მასთან შეამხანაგებული რამდენიმე მღვდლის მეშვეობით არის მცდელობა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააჩინონ განხეთქილება, რომელიც შემდეგ გადაედება მრევლს და ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გამოიწვევს ჩვენი საზოგადოებისთვის უკიდურესად უარყოფით პროცესებს. ამას გარდა, დოროთე ყურაშვილი და მისი დაჯგუფება აშკარად ცდილობენ ეკლესია რამენაირად პოლიტიკაში გარიონ.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, დოროთე ყურაშვილის და მისი დაჯგუფების არენაზე გამოყვანა არის დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის წინააღმდეგ.
გადავახვიოთ ცოტა უკან მოვლენების ქრონოლოგია. ე.წ. „პროევროპული“ ძალადობრივი საპროტესტო აქციები გასული წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო და ამა წლის თებერვლიდან დოროთე ყურაშვილი აქტიურად არიგებს ინტერვიუბს ოპოზიციურ მედიასთან, ღიად უპირისპირდება ხელისუფლებას, აქვს ემპათია მხოლოდ დაზარალებულ მოძალადე მომიტინგეებისადმი და ნულოვანი თანაგრძნობა მოძალადეების მიერ დასახიჩრებული პოლიციელების მიმართ, თითქოს მათ ადამიანებად არ თვლიდეს. მომდევნო თვეებში, დოროთე ზრდის საკუთარ პოლიტიკურ აქტივობას, იკრებს თანამოაზრეებს და ხდება ოპოზიციური აზრის ლიდერი. რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სანდო ლიდერების მწვავე დეფიციტს განიცდის, ძალიან სჭირდებათ დოროთე ყურაშვილი, ამ ეტაპზე მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰყავს მრევლი, არის სასულიერო პირი და ა.შ. სასულიერო პირების ჩართვა პოლიტიკაში, თან ოპოზიციის ლიდერებად, უცხო ხილი არ გახლავთ. არაერთ ქვეყანაში მომხდარა ეს. ამის უახლესი მაგალითი ჩვენი მეზობელი სომხეთია, სადაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სათავეში ჩაუდგა ოპოზიციის პროტესტს, თუმცა წარუმატებლად, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა.

არ არის გამორიცხული, რომ დოროთე ყურაშვილის პოლიტიკური კუთხით წამოწევა და ოპოზიციურ ველზე ფლანირება, პოლიტტექნოლოგების რჩევაც იყოს. უახლოეს თვეებში გამოჩნდება ამ ექსპერიმენტის პერსპექტივა ან უპერსპექტივობა. ჩემი აზრით, ის განწირულია. ზოგადად, ეკლესია, როგორც რელიგიური და ამავე დროს, სოციალურ-კულტურული ინსტიტუტი, ვალდებულია დაეხმაროს სახელმწიფოს და არა ზიანი მიაყენოს მას, თუნდაც მისი ცალკეული წარმომადგენლების მეშვეობით.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები