სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა და მე-3 მონაკვეთზე გზის მშენებლობა გრძელდება
,,აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთი, სადაც ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გაიხსნას 6 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო მომდევნო 6 კმ-ის დასრულება აპრილისთვის არის დაგეგმილი. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამტრედიის ხიდის მონაკვეთი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს მონაკვეთიც სრულად გავხსნათ”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კილომეტრს მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, საერთო ჯამში 30 კმ, უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია — ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების (ხიმინჯების, რიგელების, კოჭების) მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება.
აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტში ჩართო ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს სტრუქტურული, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. კვლევების საფუძველზე დაიგეგმა ხიდის აღდგენის საინჟინრო პროექტი.
სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზეც. პირველ 6 კილომეტრზე დასრულებულია გზის ზედა საფარის, სადრენაჟე ფენისა და თვალამრიდების მოწყობა; მიმდინარეობს ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო დატვირთვას და გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
მესამე მონაკვეთის მშენებლობას, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარი მოხმარდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მაგისტრალური გზა გაზრდის სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.
,,მაგისტრალების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის გადაადგილების კომფორტისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობადაც. გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია, როგორც რეგიონული განვითარებასთან, ისე ინვესტიციების მოზიდვასთან. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ მეტი ახალი პროექტი დაიწყოს და არსებული სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დასრულდეს“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.