GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა
კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწავლო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის, ლანჩხუთის ვაჟა თოდუას სახელობის N 3 საჯარო სკოლის, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლისა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილზე და ონლაინ ვაჭრობისას, როგორ დაიცვან მომხმარებლებმა საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, იმსჯელეს კონკურენციის საკითხებზე.
“სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე GCCA-ის წარმომადგენლებისგან დეტალური პასუხები მიიღეს.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, სამომხმარებლო უფლებების დაცვაზე ინფორმირებულობის მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს,”- წერია ინფორმაციაში.