აფხაზეთიდან დევნილ I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაეწევათ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დევნილ I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
„დღეს შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან და მადლობა გადავუხადე მათი ღვაწლისა და თავდადებისთვის. მათ საკუთარი თავი მიუძღვნეს ქვეყანას და ამიტომ ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი ვეტერანების დამსახურება ქვეყნის წინაშე. აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.