მიხეილ სარჯველაძემ, რუმინეთში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ, რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი რუმინეთში, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ, რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი, ბავშვთა უფლებების დასაცავად, ქვეყნებს შორის, გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბება და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებაა.
კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო, ნერგავს ბავშვთა უფლებებზე მორგებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც მიმართულია პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.
მისი თქმით, გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში, მნიშვნელოვნად გარდაიქმნა ბავშვთა დაცვის სისტემა და სრულად ორიენტირებული გახდა ოჯახურ გარემოზე, განხორციელდა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია და გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა, დაამტკიცა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც აერთიანებს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას, კრძალავს ძალადობის ყველა ფორმას და პასუხობს ონლაინ ძალადობის მზარდ გამოწვევებს. მისივე თქმით, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დროულად იდენტიფიცირებისა და დახმარების მიზნით, საქართველო, აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით – 2024 წელს მიღებული ცვლილებებით, გაფართოვდა სოციალური მუშაკების მანდატი.
საქართველომ დანერგა ბავშვზე მორგებული, მრავალდისციპლინური და უწყებათაშორისი სერვისი – ბარნაჰუსის მოდელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სპეციალისტებს. სამინისტროს ბაზაზე მოქმედი ეს ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ინტერვიუებს, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე საქმეების კოორდინირებულ მართვას ერთიან, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში. ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს ბავშვთა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც სთავაზობს კონსულტაციას, გადაუდებელ რეაგირებასა და შესაბამის სერვისებზე გადამისამართებას. ფსიქოლოგიური დახმარება ხელმისაწვდომია როგორც ბავშვებისთვის, ისე – მშობლებისთვის.
ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი.