YouTube ტრამპის ანგარიშის დაბლოკვისთვის მილიონობით დოლარს გადაიხდის
YouTube-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა თანხმობა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოგვარების მიზნით, მილიონობით დოლარი გადაიხადოს.
დავა შეეხებოდა 2021 წელს პლატფორმაზე ტრამპის ოფიციალური არხის დაბლოკვას, რომელიც კონგრესის შტურმის შემდეგ განხორციელდა.
დონალდ ტრამპის აქაუნთები Facebook-ში, Instagram-ში, YouTube-ში და Twitter-ში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ტრამპის მომხრეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებით იყვნენ უკმაყოფილოები, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. სოციალური ქსელების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტრამპმა თავისი შეტყობინებებით ამ აქციების ჩატარების პროვოცირება მოახდინა.
ტრამპის იურიდიული ჯგუფის განცხადებით, YouTube-ის გადაწყვეტილებამ მაშინ „პოლიტიკური დისკრიმინაციის“ ხასიათი მიიღო და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს არღვევდა. შეთანხმების პირობების თანახმად, კომპანია ტრამპის გუნდს ზიანის ანაზღაურების სახით მრავალმილიონიან კომპენსაციას გადაუხდის, კონკრეტულად კი 24,5 მილიონ დოლარს.
Alphabet-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის აღიარებას, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება „დროისა და რესურსების დაზოგვის მიზნით“ მიიღო.
ტრამპის არხი YouTube-ზე 2023 წელს აღდგა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციას ძირითადად საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე აგრძელებს.
როგორც ცნობილია, გარიგების მიხედვით, ამ თანხიდან 22 მლნ დოლარი ორგანიზაციის, Trust for the National Mall-ს გადაერიცხება, რომელიც თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.