ესპანეთში მმართველი პარტიის ოფისში ანტიკორუფციული პოლიცია შევიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მმართველი სოციალისტური პარტიის (PSOE) სათავო ოფისში ანტიკორუფციულმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა,- ინფორმაციას Reuters სასამართლო წყაროებსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველები მადრიდში მდებარე პარტიის ცენტრალურ ოფისში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევიდნენ და დოკუმენტებისა და ელექტრონული მასალების ამოღება დაიწყეს. საქმე უკავშირდება პარტიის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, სანტოს სერდანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მომხდარი არ წარმოადგენს სრულმასშტაბიან რეიდს, თუმცა დადასტურებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა პარტიის ოფისში შესაბამისი მასალები მოითხოვეს და ნაწილობრივ ამოიღეს.

გამოძიება სავარაუდო კორუფციის, ქრთამის აღებისა და გავლენებით ვაჭრობის ბრალდებებს ეხება.

პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი პარტია სამართალდამცველებთან სრულად თანამშრომლობს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს შემთხვევა ესპანეთში ბოლო პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების ნაწილია, რაც ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები