საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენი სამშობლო საქართველო ამაყობს იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი, მე პირადად შეხვედრებზე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ასე თანაცხოვრობს, ასე თბილად და კარგად არიან ერთმანეთთან, საუკუნეებია ერთმანეთს გვერდში უდგანან და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ახლახანს ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების დღეები, რადგან სწორედ იმ დროს მუსლიმი თემის დიდი დღესასწაული იყო – ნოვრუზ ბაირამი, მაგრამ ის შეგნება, რომელიც მაშინ ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოიჩინეს, არ აღენიშნათ დღესასწაული, მხოლოდ ლოცვით შემოიფარგლნენ, საუკუნეები დარჩება ის პატივისცემა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარაქა, სიკეთე და სიყვარული იყოს თქვენს ოჯახებში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა მიულოცეს. მეჩეთში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.