პესკოვი: სომხეთი რუსული გაზის შეღავათიანი ფასით ინტეგრაციული შეთანხმებების ფარგლებში სარგებლობს
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთს რუსეთიდან გაზი შეღავათიან ფასად მიეწოდება, რაც არსებული ეკონომიკური და ინტეგრაციული შეთანხმებების შედეგია.
პესკოვის თქმით, რუსეთი სომხეთს სთავაზობს „ძალიან დაბალ და მიმზიდველ ფასს“, რომელიც მოქმედებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით.
“ასეთ პირობებს საფუძვლად უდევს ორმხრივი შეთანხმებები და ინტეგრაციული ფორმატები, ხოლო ალტერნატიულ ეკონომიკურ მიმართულებებზე გადასვლის შემთხვევაში ფასების პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს და საბაზრო პრინციპებს დაექვემდებაროს”,- განმარტა მან.
კრემლში ასევე აღნიშნავენ, რომ ენერგომომარაგების პირობები კომერციულ ურთიერთობებს ეფუძნება და დეტალებზე შესაბამისი ენერგეტიკული კომპანიებია პასუხისმგებელი.