მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

მოლდოვის ცესკო-ს ცნობით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ ხმათა 50.2 პროცენტი მოიპოვა და მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.

მოლდოვაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.

ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ულოცავს.

„რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია“, – აცხადებს სტარმერი.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში.

მოლდოვას მომავალი ევროპაშია! ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა არჩევნებს.

“მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა, დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია”,- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

უკრაინის ორეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა მაია სანდუს და გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს.

„მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) გამარჯვებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლდაველმა ხალხმა დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი აირჩია.

„რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მათ დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი აირჩიეს. ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას. ყოველ ნაბიჯზე“, – დაწერა კოშტამ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მმართველი პარტიის გამარჯვება „ყველასთვის“ კარგი გაკვეთილია. მისივე თქმით, ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდაველი ერისა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა იყო საჭირო.

როგორც მედია აღნიშნავს, მოულოდნელი იყო მოსკოვის რეაქციაც, სადაც განაცხადეს, რომ მოლდოვამ არ უნდა მიატოვოს „ტრადიციული პარტნიორობა რუსეთთან“ და „მხოლოდ ბრიუსელის მიმართულებით“ არ იაროს. კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლდოვას არჩევნების სიღრმისეული შეფასება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ძალები საკითხებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ.

მედიის ცნობით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები, ზოგადად, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესად შეაფასეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საჭიროა მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები