“ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში” – მდინარაძე
,,ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
,,დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება.
მოგეხსენებათ, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ.
პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს, ხოლო შემდეგ, უკვე პოლიტიკურ შეფასებაზეც გადავიდეთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტად არა.
1 . „ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით“ საქართველოს ხელისუფლებამ, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა!
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.
2. „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.
3. „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
ჩვენ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა.
ამ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს.
4. „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია! საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა.
კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმოდეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს.
რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს.
ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებებისა და კრიზისის ფონზე მიაღწია და თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, რბილად რომ ვთქვათ.
ამას გარდა, აღნიშნული კვლევის შედეგები შავით-თეთრზე ამტკიცებს იმას, რაზედაც უკვე კარგა ხანია ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირს სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტი აქვს – ერთი მხრივ, “დიფ სთეითის” მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში, დემოკრატიის უკუსვლაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისთვის, მეორე მხრივ კი, მყარ, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას. როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ “დიფ სთეითის” მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია და ამას დღეს ჩემს მიერ წარმოდგენილი კომისიის დაკვეთით გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს.
საზოგადოებას ახსოვს, როგორ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, შემდეგ კი გამოაქვეყნეს შეფასების ანგარიში, სადაც ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქულათა სისტემით საქართველო მოწინავე იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა მაგალითად სტატუს მინიჭებულ მოლდოვას და ბოსნიას.
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ და როგორც ჩანს ეს არ შედის “დიფ სთეითისა” და ევრობიუროკრატიის ინტერესებში.
ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს,” დიფ სთეითი” და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს – მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ – როდესაც ევროკომისიაში უსამართლო პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, იქ საქართველოს თავს ესხმიან და ამით თავიანთ ადგილობრივ აგენტურასაც ასაზრდოებენ, ხოლო სადაც ობიექტურ მონაცემებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ – უწევთ აღიარება, რომ საქართველო მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებით შთამბეჭდავია.
ჩვენც სწორედ ასე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესით ვიმოქმედებთ მომავალში”,- განაცხადა მდინარაძემ.