რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება

,,ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებას გულისხმობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ,,რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ავრცელებს.

”რადიო თავისუფლების” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ საავტორო ბიულეტენში რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე მუშაობს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი ბრიუსელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა დასჭირდება, რაც ბლოკის ქვეყნების 55%-ს შეადგენს.

იოზვიაკის ინფორმაციით საკითხზე კვალიფიციური უმრავლესობა, ”როგორც ჩანს უკვე მიღწეულია.”

”ამ შემოდგომაზე ბრიუსელი განაგრძობს საქართველოს უკუსვლის საკითხის განხილვას და შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოს დიდი ხნის მოსალოდნელი გადაწყვეტილება.

ევროკომისიამ ივლისში გაუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც მოუწოდა აგვისტოს ბოლოსთვის შეესრულებინა რვა კრიტერიუმი, რომელიც ბრიუსელის აღმასრულებელმა სტრუქტურამ 2024 წლის ბოლოს დაადგინა. მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საკამათო კანონის და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ ასევე სადავო საკანონმდებლო პაკეტის გაუქმების აუცილებლობა. ბრიუსელში ცოტა თუ ელის, რომ თბილისი ამ საკითხებზე მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს, რაც აჩენს კითხვას, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი და თუ უპასუხებს, როდის?”- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ მასალაში.

“სანქციები მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებზე და ასევე მოსამართლეებზე, რომლებიც განიხილებიან, რომ ოპოზიციისა და დემონსტრანტების დევნაში არიან ჩართულნი, არ დაწესებულა, რადგან ამას უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ და, სავარაუდოდ, ამის გაკეთებას ისევ გააგრძელებენ. ამიტომ, ბრიუსელში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა — წევრი სახელმწიფოების 55%, რომელიც მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენს— რაც, როგორც ჩანს, მიღწეულია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებს, თუმცა ბრიუსელი აშკარად ამზადებს ამისთვის საჭირო სამართლებრივ ჩარჩოს. შემოდგომაზე ევროკავშირმა ასევე შეიძლება შეაჩეროს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ასპექტები. კითხვაა, როდის მოხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად არ შეიკრიბებიან საბჭოს ფორმატში ოქტომბრის ბოლომდე, რაც თბილისს მეტ დროს აძლევს მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად. ამ დროისთვის საქართველოში (4 ოქტომბერს) ადგილობრივი არჩევნები უკვე ჩატარდება, რაც კიდევ ერთი იმის მაჩვენებელი იქნება, თუ საით მიდის სამხრეთ კავკასიის ეს რესპუბლიკა”,- წერია, რიკარდ იოზვიაკის ბიულეტენში, რომელიც ”რადიო თავისუფლების” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები