მიხეილ ყაველაშვილი: დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგას გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებისას, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი განიხილეს.
„თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს, უმაღლესი დონის შეხვედრებისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და პირადად მოვიწვიე, ჩვენი მეგობარი, ბატონი პრეზიდენტი საქართველოში. ასევე, ჩვენ ხაზი გავუსვით მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.