ლევან მაჭავარიანი ნორმ აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში
„ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს რამდენჯერმე ხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს. ე.წ. რბილი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბევრი გზამკვლევი ვიხილეთ: იგივე აკერმანის ტრენინგები, კანვასის ტრენინგები და ა.შ., რომლებიც ზუსტად ერთი და იგივე მიზანს ემსახურება, რომ რაღაცნაირად მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი გააძლიერონ კონკრეტულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოზე, რათა ზეგავლენა მოახდინონ ჩვენი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე პოლიტიკურ ჭრილში. ეს არის გარედან მართული პროცესი. უმნიშვნელოვანესი იყო ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ყოფილი დიპლომატის, თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის და მოქმედი იურისტის ნორმ აიზენის სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლევად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით.
ნორმ აიზენის 2025 წლის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები, განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. კერძოდ, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რომ სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე.
ნორმ აიზენი ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ფერადი რევოლუციებისა და ამბოხებების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად სახელდება.