თურქეთში საქართველოს ელჩი: მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტისას, განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება იქნება
,,თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან”, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.
მისი თქმით, საუბრების დროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
„შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ლოგისტიკის მიმართულებებით.
თურქეთი არის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საქართველოსთვის და ასევე უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საუბრის დროს იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველო, თურქეთთან ერთად, ასევე არის ტრანსკასპიური დერეფნის ე.წ. შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო და მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის კონტექსტში გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.