სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
„დღეს ჩვენ ქედს ვიხრით შინდისის 17 ახალგაზრდა გმირის წინაშე და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში დაუვიწყარი გმირობის ისტორია შექმნეს და დაგვიტოვეს პატრიოტული, ადამიანური, უმაღლესი ფასეულობებისადმი ერთგულების ღირსეული მაგალითი. სამშობლოსთვის მათი თავგანწირვა კიდევ ერთხელ აძლიერებს როგორც ჩვენი მომავლის რწმენას, ასევე ჩვენს ვალდებულებას, რომ განუხრელად დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მივაღწიოთ საქართველოს ყველა ეროვნულ მიზანს, შერიგებით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. მსურს, კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო შინდისის გმირების ოჯახებს და პატივისცემა დავუდასტურო მათ,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.