შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის
,,თვითმმართველობის არჩევნებზე 17 პარტიას ჰქონდა განაცხადი და ამ ეტაპზე სავარაუდოდ 17 პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 არ მონაწილეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის.
„რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ეს შედეგი უკვე კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური ბირთვი, მისი სახელწოდებით, საარჩევნო ნომრით და ა.შ. დღეს გამქრალია საარჩევნო ბიულეტენებიდან. გამქრალი იქნება საკუთარი არჩევანით. მისასალმებელია, რომ ამით ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი „ნაცმოძრაობის“ და „ნაცობის“, როგორც იდეოლოგიის.
რაც შეეხება არჩევნებს, უკვე აქტიურად დავიწყეთ კამპანია, წარდგენილია თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში.
დღეს რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუკი მათ მანდატი ექნებათ და არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას.
მნიშვნელობა არ აქვს ვის და რამდენ კანდიდატს დააყენებს რადიკალური ოპოზიცია, ყველა ხედავს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. თბილისს ჰყავს მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც თბილისი რადიკალურად შეცვალა. საქართველოს დედაქალაქი დღეს არის სულ სხვა, ვიდრე იყო 2017 წელს. აქ ალტერნატივა არც კი არსებობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.