გიორგი ვოლსკი – „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია
არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების უკრაინაში გაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„კრიმინალური წარსული არ არის ამ ადამიანების ერთადერთი მახასიათებელი. ბევრი არიან, ადამიანები მოდიან რუსეთიდან, რუსეთმა დაუშვა მათი წამოსვლა – კიდევ უკრაინელები, რომლებიც აგროვებენ ხალხს ბრძოლის ველზე გასაყვანად.
რასაკვირველია, არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 9 აგვისტოს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.