დავით მათიკაშვილი: უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება
„მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება – ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში დავუშვათ იმ პირების შემოსვლა, ვისი წარსულიც, ვისი დოკუმენტაციაც და შესაბამისი ვარაუდებიც არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც არსებობს საქართველოში საზღვრის კვეთისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.