თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულო წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზურაბ აბაშიძემ ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აგვისტოს ომის გმირების თავგანწირვა ისტორიას მუდამ დარჩება.
„პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით 17 წლის წინ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. ეს ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ომის დამანგრეველ შედეგებს და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რუსეთის მიერ. აგვისტოს ომის გმირების თავგანწირვა და თავდადება მუდამ დარჩება ისტორიას. მათ მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.