საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს
თურქმენეთის ქალაქ ავაზაში მიმდინარე გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და პოლიტიკური დიალოგის დინამიკა. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს.
აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და საპარლამენტო დონეზე არსებული წარმატებული კავშირები.
ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ განვითარების აუცილებლობას და „შავი ზღვა-კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტს, რომელიც რეგიონული კავშირის განმტკიცებას უწყობს ხელს.
დადებითად შეფასდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის ინტენსივობა.
ხაზგასმით აღნიშნა საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქმენი კოლეგა თბილისში მოიწვია.
საქართველოს დელეგაცია, თურქმენეთში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.